ას-476-863-06 22 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი(თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი – ეკატერინე ხაჩიძე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე
წარმომადგენელი _ ჯ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ე-ი
წარმომადგენელი _ თ. ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – კერძო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 11 მაისს მ. მ-მ სარჩელი აღძრა ყვარლის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნ. ე-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ვ. ე-თან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ნ. ე-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების წესს არ ადგენს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მ და მოითოხვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი და დაუსაბუთებელი განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკსაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მოცემული კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მითითებული ნორმის საფუძველზე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ან კიდევ ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მასალებით, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 20 მარტს (ს.ფ.76), ხოლო მ. მ-მ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2006 წლის 7 აპრილს (ს.ფ. 77), ე.ი. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.