Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-482-721-08 .. ივლისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ს-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების გაგრძელება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. .. მაისს ნ.ს-ძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოს სახელფასო დავალიანების გადახდევინების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელის განმარტებით, იგი სს “დ-ში” მუშაობდა და 1995 წლიდან არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. აღნიშნულ ორგანიზაციას მის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 6500 ლარი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 20..წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “დ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ 651,20 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ..0 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ს-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

20..წ. 7 აპრილს სს “დ-ის” უფლებამონაცვლე სს “ქ-მა” თ.-ის სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა. აპელანტმა მცხეთის რაიონული საამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ნ.ს-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით ნ.ს-ძის საპელაციო საჩივარი და სს “ქ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. ვინაიდან სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ.ს-ძე, ხოლო სს “ქ-ის” წარმომადგენელს არ დაუყენებია შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2..-ე მუხლით და ნ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. რაც შეეხება შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რადგანაც მისი ღირებულება არ აღემატებოდა ..00 ლარს და, შესაბამისად, განუხილველი უნდა დარჩენილიყო.

20..წ. 14 მაისს ნ.ს-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და მიუთითა, რომ 5 აპრილს დაბა ჟინვალის საავადმყოფოში თიაქრის ოპერაცია გაიკეთა, ამდენად, .. აპრილის სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის გაგრძელება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნ.ს-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2..-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ.ს-ძე, რომელსაც სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოწინააღმდგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის განჩინებით ნ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო პალატას წარუდგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანც ირკვევა, რომ ნ.ს-ძე 3 აპრილიდან .. აპრილამდე ჟინვალის საავადმყოფოში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მარცხენამხრივი ხაზის ჩაჭედილი თიაქრის დიაგნოზით და მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ცნობა დადასტურებულია საავადმყოფოს ხელმძღვანელის ხელმოწერით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთ “სხვა საპატიო მიზეზს” წარმოადგენს მხარის ავადმყოფობა, რომელიც გამორიცხავსა სასამართლოს სხდომაზე მის დასწრებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობა უტყუარად ადასტურებს 20..წ. .. აპრილის სასამართლო სხდომაზე ნ.ს-ძის დასწრების შეუძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ს-ძის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 341-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ.ს-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება და საქმე, ნ.ს-ძის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.