Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-48-332-08 16 აპრილი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “სამოთხე”

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ამაღლების ღვინის ქარხანა”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 30 ივლისს შპს “სამოთხემ” აუქციონზე შეიძინა სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” ქონება.

სს “ამაღლების ღვინის ქარხანამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში 2001 წლის 30 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ივლისის განჩინების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს “სამოთხის” მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას. აღნიშნული სარჩელი იხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

2003 წლის 29 ივლისს ვანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “სამოთხის” წარმომადგენელმა ჰამლეტ მოსეშვილმა მოპასუხეების იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ყოფილი სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ლომინაძის მიმართ და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ იქნა არა მარტო აუქციონზე შეძენილი სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” ქონება, არამედ შპს “სამოთხის” საკუთრებაში არსებული აუქციონის შემდგომ პერიოდში შეძენილი მოძრავი ქონებაც, ასევე სხვა პირთა, კერძოდ, ბზვანისა და წითელხევის ღვინის ქარხნების ქონებაც, რომლითაც სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით სარგებლობდა შპს “სამოთხე”.

ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “სამოთხის” სარჩელი დაკმაყოფილდა და სარჩელში მითითებული ქონება ამორიცხულ იქნა 2003 წლის 23 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ლომინაძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით, შპს “სამოთხის” შუამდგომლობის საფუძველზე, შეჩერდა საქმის წარმოება, სს “ამაღლების ღვინის ქარხნისა” და შპს “სამოთხის” შეგებებული სარჩელისა გამო, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2007 წლის 5 ოქტომბერს განახლდა სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება. აღნიშნულს საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს “სამოთხეს” უარი ეთქვა კრედიტორად ცნობის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო სარჩელი 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული განმეორებითი აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ვანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით განსახილველად.

2007 წლის 28 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” წარმომადგენელმა მ. ვერულაშვილმა იმ მიზეზით, რომ არ აღმოფხვრილა გარემოება, რამაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება, მოითხოვა 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული განმეორებითი აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ სს “ამაღლების ღვინის ქარხნის” სარჩელის განხილვამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო წარმოების შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “სამოთხის” დირექტორმა ჰამლეტ მოსეშვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან მოითხოვდა იმ ქონების განთავისუფლებას ყადაღისაგან, რაც აუქციონზე არ შეუძენია, აუქციონის ბათილად ცნობაზე გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ იქონიებდა გავლენას მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “სამოთხის” დირექტორ ჰამლეტ მოსეშვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას, ამიტომ სანამ საქმის წარმოებას შეაჩერებდეს, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით არ აღმოფხვრილა ის გარემოება, რამაც გამოიწვია მოცემული საქმის წარმოების შეჩერება, კერძოდ, 2001 წლის 30 ივლისის იძულებითი აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ დავაზე არ არის მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზედაც დამოკიდებული იყო ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, 2003 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს “სამოთხის” უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებულ ყადაღასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელის ბედი. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან, მითითებული ნორმის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას, განსახილველ შემთხვევაში კი, საქმე, რომლის გადაწყვეტამდეც შეაჩერა სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება, ვერ იქონიებს გავლენას მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან ქონება, რომლის ყადაღისაგან განთავისუფლებასაც ითხოვს შპს “სამოთხე”, მოსარჩელის განმარტებით, აუქციონზე არ შეუძენია და, შესაბამისად, არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “სამოთხის” დირექტორ ჰამლეტ მოსეშვილის კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე არსებითად განსახილევლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “სამოთხის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.