¹ას-485-796-09 8 ივნისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ქ-შვილი, ი. გ-შვილიE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ქ-შვილი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, შეგებებულ სარჩელში _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-შვილმა და მ. ქ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ქ-შვილის მიმართ და მოითხოვეს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა კვირაში სამი დღით მამას, ბებიასა და პაპასთან დარჩენის უფლებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ივ.გ-შვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილის – ლ. გ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ივ.გ-შვილსა და მ.ქ-შვილს უფლება მიეცათ ლ.გ-შვილი ინახულონ პარასკევსა და შაბათს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ზამთარში _ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის პერიოდში მოსარჩელეებს უფლება მიეცათ არასრულწლოვანი ლ. გ-შვილი გაიყვანონ ქალაქგარეთ თოთხმეტი დღე-ღამით, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. ქ-შვილის შეგებებული სარჩელი, ივ.გ-შვილს შვილის _ ლ.გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის _ 50 ლარის გადახდა 2008 წლის 12 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ივ.გ-შვილმა და მ.ქ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანეს ივ.გ-შვილმა და მ.ქ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძოს საჩივრის წარმოდგენა.
მ.ქ-შვილმა და ივ.გ-შვილმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, უარი თქვეს კერძო საჩივარზე და იშუამდგომლეს მისი განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-შვილისა და ი. გ-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 378-ე მუხლის თანახმად, მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე უფლება აქვს უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას და მხარეს ერთმევა გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების უფლება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილია, თანმდევი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, უარი განაცხადოს თავის კერძო საჩივარზე, რის შედეგად საქმის წარმოება აღნიშნულ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს. ამასთან, საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ იმავე სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში მ. ქ-შვილმა და ი. გ-შვილმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინება, საკასაციო სასამართლოში მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე უარი განაცხადეს თავის კერძო საჩივარზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ განჩინებაზე მ. ქ-შვილისა და ი. გ-შვილის მიერ შეტანილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ს, 399-ე, 378-ე, მე-3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეწყდეს საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებაზე მ.ქ-შვილსა და ივ.გ-შვილის მიერ შეტანილ კერძო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.