საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№225აპ-17 ქ. თბილისი
ო-ე ზ, 225აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი გორგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ზ. ო-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 17 სექტემბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
მსჯავრდებულ ზ. ო-ეს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ო-ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 7 დეკემბრისა და 2013 წლის 15 იანვრის განაჩენების საფუძველზე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ზ. ო-ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2016 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 5:00 საათზე, ზ-ში, შპს „ჯ-ის“ სამედიცინო ცენტრში ყოფნისას, ზ. ო-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. კ-ის კუთვნილ, 40 ლარად ღირებულ „ს-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, მასში მოთავსებული, ორ ლარად ღირებული სიმბარათითა და ბარათის ბალანსზე არსებული სამი ლარის დეპოზიტით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორმა გიორგი გორგაძემ და ითხოვა ზ. ო-ის მიმართ სასჯელის გამკაცრება. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება ზ. ო-ის მიმართ უკანონოა, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ფაქტზე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ზ. ო-ისთვის სასჯელის გამკაცრებას, ასევე განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 50-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ: ზ. ო-ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, და და დისშვილები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (დაავადებულია ასთმით), არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც მისთვის სანქციის მინიმუმის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა სამართლიანია.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ზ. ო-ეს წაასწრეს დანაშაულის ფაქტზე, რის გამოც პროკურორის მოსაზრებით, მის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება უკანონოა და მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა აღმოაჩინა მობილური ტელეფონის დაკარგვა, ზ. ო-ემ დაცვის თანამშრომლის წინადადებაზე, მას ხომ არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, ნებაყოფლობით წარმოადგინა იგი და ასევე ნებაყოფლობით გაჰყვა მას პოლიციის განყოფილებაში, სადაც აღიარა და მოინანია დანაშაული. პალატა მიუთითებს, რომ აღწერილი ვითარება არის არა დანაშაულზე წასწრება, არამედ -ზ. ო-ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების აღიარება, მონანიება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც ქმნის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების საფუძველს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი გორგაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე