¹ას-487-798-09 22 ივნისი, 2009წ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ გ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ქ-იანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი _ სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 15 სექტემბერს მ. ქ-იანმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის გ. ხ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2008 წლის 22 აპრილს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ხ-ძეს ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4% დარიცხვით, სამი თვის ვადით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქუთაისში. მიუხედავად სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისა, გ. ხ-ძე არ ასრულებს ვალდებულებას.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის _ 5000 აშშ დოლარის დაკისრება 4%-ის დარიცხვით და ყოველთვიურად 3%-ის ანუ 168 დოლარის დაკისრება, ასევე იპოთეკით დატვირთული სახლის რეალიზაცია (ტ. 1. ს.ფ. 1-10).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებეზე მითითებით, რომ მას მ. ქ-იანისგან არ უსესხია 5000 აშშ დოლარი და არც იპოთეკით დაუტვირთავს ბინა. მოპასუხემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება ყალბია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. ხ-ძეს მ. ქ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 5000 აშშ დოლარის, სამი თვის პროცენტის _ 600 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის ყოველთვიურად 3%-ის ანუ 150 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახადა, ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე. სასამართლომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაადგინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის თანხის გადაცემა მოხდა არა დოლარის, არამედ ევროს სახით. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურდა გ. ხ-ძის ქონების დატვირთვა იპოთეკით მ. ქ-იანის სასარგებლოდ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არის ყალბი. აღნიშნული ხელშეკრულების სისწორე დადასტურდა ექსპერტის დასკვნით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდა კრედიტორის მიზეზით, რადგან მან მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა შინაურული ხელშეკრულება (ს.ფ. 95-97).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციის განცხადებისა და გადახდის ქვითრების გამოთხოვის შესახებ, რათა დადგენილიყო ხელმოწერის სიყალბე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უპასუხოდ დატოვა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულება, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნა არასწორია. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა არამარტო სასამართლოში წარდგენილი რეესტრის ჩანაწერის გაყალბების მტკიცებულებები, არამედ შეტანილი იყო სასამართლომდე საჩივარიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რეესტრის ჩანაწერთა სიყალბის შესახებ. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ისესხა პირველად 800 ევრო და ეს თანხა შედიოდა 3155 ევროს ანგარიშში. მოსამართლემ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გამოითხოვა მოსარჩელესთან არსებული 800 ევროს ხელწერილი. არასწორად შეაფასა წარდგენილი აუდიოკასეტა, მაშინ როცა მასში ნათლად ირკვევა მხარეებს შორის შეთანხმება არა დოლარზე არამედ ევროზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლითაც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა დაეკისრებინა გადახდა ევროს სახით და არა დოლარით (ს.ფ. 101-111).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 8 აპრილს 12.00 საათზე. 2009 წლის 8 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ხ-ძემ და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის. აპელანტმა წარმოადგინა ავდმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის თანახმად, მას აქვს ჰიპერტონიული დაავადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის განცხადება და სხდომა გადაიდო 2009 წლის 22 აპრილამდე. 2009 წლის 22 აპრილს აპელანტმა კვლავ წარადგინა განცხადება სხდომის გადადების შესახებ და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის თანახმად მას აქვს ჰიპეტონიული დაავადება და სტენოკარდია. სასამართლომ საქმის განხილვა გადადო 2009 წლის 29 აპრილისთვის. 2009 წლის 28 აპრილს გ. ხ-ძემ კვლავ წარადგინა განცხადება საქმის განხილვის გადადების თხოვნით და ცნობა, რომლითაც გ. ხ-ძეს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა სტომატოლოგიურ კლინიკაში. სასამართლო აპელანტის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი (ს.ფ. 168-175).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით უტყუარად დასტურდება მისი ავადმყოფობა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 233-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, რადგან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებას (ს.ფ. 179-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 8 აპრილს 12.00 საათზე. 2009 წლის 8 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ხ-ძემ და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის. აპელანტმა წარადგინა ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის თანახმად მას აქვს ჰიპერტონიული დაავადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის განცხადება და სხდომა გადაიდო 2009 წლის 22 აპრილამდე. 2009 წლის 22 აპრილს აპელანტმა კვლავ წარადგინა განცხადება სხდომის გადადების შესახებ და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის თანახმად მას აქვს ჰიპერტონიული დაავადება და სტენოკარდია. საასამართლომ საქმის განხილვა გადადო 2009 წლის 29 აპრილისთვის. 2009 წლის 28 აპრილს გ. ხ-ძემ კვლავ წარადგინა განცხადება საქმის განხილვის გადადების თხოვნით და ცნობა შპს «პრიმა დენტიდან», რომლითაც გ. ხ-ძეს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა სტომატოლოგიურ კლინიკაში. აღნიშნული ცნობა სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მასში პირდაპირ არ იყო მითითებული გ. ხ-ძის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.