საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№238აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ე ა, 238აპ-17 13 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-ის ი-ეს ქ-ეს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ა-ის ი-ეს ქ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ა-ის ი-ეს ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა-ის ი-ეს ქ-ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დასწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
იმავე განაჩენით ა. ჩ. ო-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჩ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ჩ. ო-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დასწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი. ქ-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. ი. ქ-ე 2015 წლის 1 სექტემბერს თ-ის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოვიდა საქართველოში და დაბინავდა თ-ში, წ-ის ქუჩის №–ში მდებარე სასტუმრო „ე -ში“, სადაც უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“, რაც 2015 წლის 1 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა ა. ჩ. ო-ზე. 2015 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, გ-ის ქუჩის №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ა. ჩ. ო-ს, რა დროსაც მისგან ამოიღეს იმავე დღეს ა. ი. ქ-სგან სასტუმრო „ე-ში“ შეძენილი 18 ცალ მუყაოს ხვეულაზე დაფენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 914,179 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“.
ა. ჩ. ო-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. ჩ. ო-მა 2015 წლის 1 სექტემბერს თ-ში, წ-ის ქუჩის №–ში მდებარე სასტუმრო „ე -ში“, ა. ი. ქ-გან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 914, 179 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად. 2015 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, გ-ის ქუჩის №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ა. ჩ. ო-ს, რა დროსაც მისგან ამოიღეს იმავე დღეს ა. ი. ქ-სგან შეძენილი, 18 ცალ მუყაოს ხვეულაზე დაფენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 914, 179 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“.
მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 14 კგ და 944,0 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში. 2015 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს თ-ში, გ-ის ქუჩის №–ში მდებარე ა. ჩ. ო-ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 14 კგ და 944,0 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ი. ქ-ეს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ტ-ემ და ითხოვა ა. ი. ქ-ეს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ა. ი. ქ-ეს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მოწმეების - ა. ჯ-ის, ვ. ლ-ის, გ. შ-ას, დ. ხ-ის, გ. რ-ის ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ა. ი. ქ-ეს ბრალეულობა.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ი. ქ-ეს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბესიკ ტალახაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე