Facebook Twitter

¹ ას-490-729-08 7 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. გ.-ი (განმცხადებელი)

წარმომადგენელი _ რ.რ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ზ.-ე

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილისა და 16 მაისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე ამავე გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ. ზ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ.ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. გ.-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს მიერ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

ბ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს: თ.ზ.-სა და ბ.გ.-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო პირადი საოჯახო საჭიროებით, რაც განხორციელდა შუამავლების, ჯერ ლ. წ.-ის, ხოლო შემდგომში ჯ. ბ.-ის სახით. სადავო ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა მ. ა.-ც იმ ინტერესით, რომ თ.ზ.-დან გაცემული თანხა პირველად უშუალოდ მას მიეღო და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოეყენებინა. თავის მხრივ, სესხით გათვალისწინებული თანხის ნაწილის მიღებით დაინტერესებული იყო ვინმე მ. მ.-ე. აღნიშნული წესით თანხის განაწილების მოლაპარაკებაში ბ.გ.-ი არ მონაწილეობდა. სანოტარო აქტი, მართალია, ბ.გ.-ის ბინაში გაფორმდა, მაგრამ თანხა ამ უკანასკნელს აღარ მიუღია. თ.ზ.-მ 5000 აშშ დოლარი ჯ.ბაიდოშვილის ოფისში გადასცა მ.მ.-ს, რაც განაწილდა შემდეგნაირად: 1000 აშშ დოლარი დაუყოვნებლივ გადაეცა თ.ზ.-ს ორი თვის 10%-იანი სარგებლის სახით, 500 აშშ დოლარი საშუამავლო საზღაურად _ ჯ. ბ.-ს, 300 აშშ დოლარი _ მ.მ.-ს, 300 აშშ დოლარი _ ლ.წ.-ს, 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდილ იქნა სანოტარო მოქმედების საზღაურად. დარჩენილი თანხიდან, 2850 აშშ დოლარიდან, მ.მ.-მ მ.ა.-ს გადასცა 2800 აშშ დოლარი სესხის სახით ორი კვირის ვადით, ამდენად, ირკვევა, რომ თ.ზ.-მ სადავო თანხა რეალურად გადასცა არა ბ. გ.-ს, არამედ მ.ა.-ს, რის უზრუნველსაყოფადაც მათ შორის იმავე სანოტარო ბიუროში, იმავე დღეს და იმავე თანხაზე დაიდო სესხის ხელშეკრულება, ოღონდ ლარის გაანგარიშებით. აღნიშნული გამოწვეული იყო იმ გარემოებითაც, რომ თ.ზ.-ს შუამავლებისაგან სასესხო უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული ბ.გ.-ის კუთვნილი ბინა არ მოეწონა და, ვინაიდან მის მიერ გაცემულ თანხას უშუალოდ მ.ა.-ე დაეუფლებოდა, მასვე უნდა ეკისრა ძირითადი ვალის გასტუმრების ვალდებულება. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებენ მ.ა.-ე, ლ. წ.-ე და თ.ტ.-ე, რომლებიც ამჟამად არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბ.გ.-ის განცხადების განხილვა შეჩერდა ამავე განმცხადებლის მიერ შეტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოდგენის განახლების თაობაზე განცხადების განხილვამდე. ამავე სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ბ. გ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, 2008 წლის 5 მარტის განჩინებით კი განახლდა საქმის წარმოება ბ.გ.-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით ბ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი თავის მოთხოვნას აფუძნებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულია იმ ფაქტზე, რომ მ.ა.-სა და თ.ზ.-ს შორის სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, ისევე, როგორც თ.ზ.-სა და ბ.გ.-ს შორის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, დადებულია ერთსა და იმავე საგანზე _ 6000 აშშ დოლარზე. სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად მხარის მიერ მითითებული გარემოებანი და ჩათვალა, რომ აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები განმცხადებელმა კანონით დადგენილი წესით არ წარადგინა, ვინაიდან თბილისის ¹5 ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 2007 წლის 22 აგვისტოს მოპოვებულ გამოკითხვის აქტები შედგენილია დაინტერესებული პირის _ ბ. გ.-ის წარმომადგენელ რ. რ.-ის მიერ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. საქმის მასალებში წარმოდგენილ თ. ზ.-სა და მ. ა.-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი დადებულია 2001 წლის 19 სექტემბერს თ.ზ.-სა და ბ.გ.-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მოცემულ განცხადებაში დასახლებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაშიც, აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან ბ.გ.-ის შეგებებული სარჩელის აღძვრის ან სხვა გზით მხარეებს შორის 2001 წლის 19 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 და 15 აპრილის სხდომის ოქმებზე, ასევე გადაწყვეტიელბის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის ოქმზე შენიშვნებით მიმართა ბ.გ.-ის წარმომადგენელმა რ.რ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებით განცხადება 2008 წლის 14, 15 და 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული შენიშვნები შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილისა და 16 მაისის განჩინებებზე ბ. გ.-ის წარმომადგენელმა რ.რ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების საგანი რეალურად მიიღო არა მსესხებელმა, არამედ გარეშე პირმა მ. ა.-მ; მ.ა.-მ მიღებული სასესხო თანხა შემდგომში გადასცა არა ბ.გ.-ს, არამედ ვინმე მერი მ.-ს, რომელმაც თანხა მოიხმარა საკუთარი საჭიროებისათვის; თ.ზ.-სა და მ.ა.-ს შორის დაიდო სადავო 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რაც შესაბამისი ხელშეკრულებით დასტურდება; თ.ზ.-მ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ მ.ა.-სთან დადო სადავო თანხის ოდენობის სესხის ხელშეკრულება. მითითებული გარემოებანი საქმის წარმოების მიმდინარეობისას ცნობილი არ იყო. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ბ.გ.-ის წარმომადგენლის მიერ შედგენილი გამოკითხვის აქტები იმ მოტივით, რომ ისინი მოიპოვა დაინტერესებულმა პირმა და არ გაითვალისწინა, რომ ადვოკატს ეკისრებოდა როგორც პროფესიული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქმისათვის საჭირო ცნობების მართლსაწინააღმდეგო გზითა და ფორმით წარმოდგენისათვის, ამდენად, მის მიერ მხარის კანონიერი ინტერესების დაცვა თავისთავად გულისხმობს ამ ინტერესების კანონის შესაბამისი გზითა და მეთოდებით დაცვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი გამოკითხვის აქტები წარმოადგენს აქტის ფორმის საქმიან საბუთებს, რომლებიც სარწმუნო ფორმით შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. არასწორია სასამართლოს არგუმენტი, რომ ბ.გ.-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ წარუდგენია და განმცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაშიც სასამართლო ვერ შეძლებდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის გარემოება, რომ ბ.გ.-მა თავისი შესაგებლის საფუძვლად მიუთითა, რომ მას სადავო სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არ გადასცემია, შესაბამისად, სადავო გარიგება უცილოდ ბათილია. ამდენად, როგორც პირვანდელ, ისე შემდეგი განხილვის დროს სასამართლოს სარჩელის საფუძვლების გამოკვლევის ფარგლებში უნდა დაედგინა საქმისათვის აუცილებელი ფაქტები, მათ შორის, სადავო სესხის ხელშეკრულების არარა გარიგებად მიჩნევის ფაქტი. სასამართლომ წინასწარ გამოხატა თავისი აზრი გამოკითხვის აქტების გაუზიარებლობის თაობაზე, როდესაც დაუსაბუთებლად უარი განაცხადა გამოკითხულ პირთა მოწმედ დაკითხვის შესახებ განმცხადებლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა მ.გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომ ჯერ კანონიერ ძალაში არ იყო შესული განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ.გ.-ის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილი, კერძოდ, განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ბ.გ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს _ ვინმე მ. გ.-ს, რომელიც განსხვავებულ მისამართზე ცხოვრობს და სასამართლო გზავნილი ბ.გ.-სათვის არ გადაუცია, ხოლო განმცხადებლის წარმომადგენელს ზემოხსენებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2008 წლის 22 მაისს. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინების შესაბამისად, 2008 წლის 14 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი მომზადდა და ხემოწერილ იქნა ამავე წლის 17 აპრილს, 2008 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი _ 18 აპრილს, 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი კი _ 2008 წლის 24 აპრილს. აღნიშნული სხდომის ოქმის ასლები მხარეს ჩაბარდა ამავე წლის 7 მაისს, რაზეც შენიშვნები შეიტანა 13 მაისს (10-12 მაისი დასვენების უქმე დღეები იყო). აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული სასამართლო სხდომის ოქმების მომზადების თარიღი შეესაბამებოდა თუ არა განჩინებაში დაფიქსირებულ დროს, ვინაიდან დასახელებულ ოქმებზე არსებულ ხელმოწერებს მათი შესრულების თარიღი არ აქვს დასმული, ოქმების თავფურცელზე კი სასამართლო სხდომის ჩატარების დროა ასახული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმა ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარემ შეიტყო ისეთი გარემოება ან მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მისთვის საქმის განხილვის დროს ობიექტური მიზეზით ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა ასეთ გარემოებასა თუ მტკიცებულებას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე და მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

კერძო საჩივრით ბ.გ.-ი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: 1) სესხის ხელშეკრულების საგანი რეალურად მიიღო არა მსესხებელმა, არამედ გარეშე პირმა _ მ. ა.-მ; 2) მ.ა.-მ მიღებული სასესხო თანხა შემდგომში გადსცა არა მსესხებელ ბ.გ.-ს, არამედ გარეშე პირს _ მ. მ.-ს; 3) მ. მ.-მ ხსენებული თანხა მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის; 4) თ.ზ.-სა და მ.ა.-ს შორის სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დღესვე დაიდო იმავე 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ფიქტიური სესხის ხელშეკრულება; 5) თ.ზ.-მ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ მან მართლაც იმავე თანხაზე მ.ა.-სთან დადო სხვა სესხის ხელშეკრულება.

ამასთან, ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად განმცხადებელი უთითებს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის სასამართლო სხდომაზე თ.ზ.-ის აღიარებაზე, რომ მ.ა.-სთან დადო სადავო თანხის ოდენობის სესხის ხელშეკრულება, ასევე რ.რ.-ის მიერ თბილისის ¹5 არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მ.ა.-ის, ლ. წ.-ისა და თ.ტ.-ის გამოკითხვის აქტებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებანი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები ბ.გ.-სათვის საქმის არსებითად წარმოების დროსაც იყო ცნობილი და მას დაუბრკოლებლად შეეძლო თავისი მოთხოვნები ამ გარემოებებზე დაემყარებინა. აღნიშნულის მსჯელობის საწინააღმდეგოდ კი მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა ზემოხსენებული გამოკითხვის აქტები და მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელ დოკუმენტს შეიძლება მიენიჭოს წერილობითი მტკიცებულების ძალა და, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასეთად მიიჩნევს ოფიციალური ორგანოების მიერ შედგენილ, სათანადო ფორმისა და შინაარსის მქონე აქტებს. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გამოკითხვის აქტები ასეთი სახის მტკიცებულებად (საქმიან საბუთად) ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ისინი შეადგინა ცალმხრივად დაინტერესებულმა პირმა _ განმცხადებლის წარმომადგენელმა რ.რ.-მ.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ.გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით, ისე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული არ იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც კანონიერ ძალაში შესულ ერთსა და იმავე გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნება განცხადებები როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ისე გადაწყვეტილების ბათილად ცნობისას საქმის წარმოების განახლების შესახებ. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მხარის მოთხოვნის განხილვამდე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლებზე.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინების (თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ.გ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერ ძალაში შესვლის დროს იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს _ მ. გ.-ს, რომელიც ყვარლის რაიონში ცხოვრობს და სასამართლო გზავნილი ბ.გ.-სათვის არ გადაუცია, ხოლო განმცხადებლის წარმომადგენელს განჩინების ასლი ჩაბარდა 2008 წლის 22 მაისს.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი ბ. გ.-ს გაეგზავნა და 2008 წლის 23 იანვარს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა განმცხადებლის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე მყოფ პირს _ მ. გ.-ს, ამდენად, განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა სააპელაციო პალატამ სწორად აითვალა 2008 წლის 23 იანვრიდან და იგი ამოიწურა ამავე წლის 24 თებერვალს, ბ.გ.-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა კი განახლდა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განჩინებით, შესაბამისად, მითითებული მომენტისათვის 2007 წლის 21 დეკემბრის სადავო განჩინება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა არ დაურღვევია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 16 მაისის განჩინებით არასწორად არ გაიზიარა ბ.გ.-ის მოთხოვნა ამავე წლის 14, 15 და 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. დასახელებული ნორმა სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნების შეტანის ვადის ათვლას უკავშირებს ოქმის ხელმოწერის და არა მისი მხარისათვის გადაცემის მომენტს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 14, 15 და 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანის თაობაზე მხარემ სასამართლოს მიმართა 2008 წლის 7 მაისს, ზემოხსენებული ნორმით დადგენილი 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც დასახელებული შენიშვნები მართებულად არ იქნა გაზიარებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილისა და 16 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გოგიშვილი

მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი

ლ. ლაზარაშვილი