ას-492-839-07 17 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-ს სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ა. ღ-ს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ა.ღ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით ა.ღ-ს განცხადება დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ა.ღ-ს განცხადება არ არის დასაშვები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს კერძო საჩივარზე გამოტანილი განჩინების გაუქმებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რასაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სასამართლომ, ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმის წარმოების განახლების მიზნით, შესაძლოა ბათილად იქნეს ცნობილი და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) და არა ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად მიღებული განჩინება. სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შესულ იმ განჩინებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც შეიძლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე და 275-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანა დასაშვებია მხოლოდ ისეთ განჩინებებზე, რომელთა შედეგად საქმის წარმოება მთავრდება, კერძოდ, როგორებიცაა განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ხოლო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღნიშნულ რიცხვს არ განეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ღ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი, როდესაც მიიჩნია, რომ ა.ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე მითითებული განცხადების შეტანას კანონმდებელი არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმოდგენილი განცხადება შეტანილ იქნა განსჯადობის წესების დაცვით. ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაავალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს ა.ღ-ს სარჩელის არსებითად განსახილველად წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ა. ღ-ს კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-ს განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ა. ღ-ს კერძო საჩივარი დარჩა განუხლველი, ამ უკანასკნელმა შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია, რადგან კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვერ გაუქმდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ, კანონმდებლობით დადგენილი გარკვეულ თავისებურებების გარდა, კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს იმავე წესით, რაც განსაზღვრულია მისი განმხილველი სასამართლოსათვის. ამდენად, კერძო საჩივარზე გამოტანილი განჩინება ისევე შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით, როგორც სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე მიღებული განჩინება.
საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განცხადება გადაწყვეტილებისა თუ განჩინების ბათილად ცნობის, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), რომლითაც საქმის წარმოება მთავრდება, თუმცა დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დასახელებულ კატეგორიას არ განეკუთვნება და ამგვარ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ზემოხსენებული სახის განცხადების შეტანის შესაძლებლობას არ უშვებს, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით დარჩა რა განუხილველად ა. ღ-ს კერძო საჩივარი, ამავე განჩინებით დასრულდა საქმის წარმოება ავ.ღ-ს სარჩელის გამო ი.კ-ის მიმართ. ამდენად, მითითებული განჩინება შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით დადგენილ პირობებს და შეიძლება გასაჩივრდეს განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-ს განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-ს კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-ს განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.