Facebook Twitter

¹ას-492-877-06 1 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჭ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. .. ..” წინააღმდეგ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა სს “ .. .. ..” ექსკავატორის მძღოლად. 1988 წლის 11 ნოებერს მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანება. იგი გახდა მე-2 ჯგუფის ინვალიდი. ვინაიდან მან შრომითი მოვალეობის შესრულების გამო მიიღო აღნიშნული ტრავმები და გახდა შრომისუუნარო, მოპასუხე ორგანიზაცია მას 1889 წლამდე უხდიდა პენსიას, შემდეგ კი შეწყვიტა გადახდა. მოსარჩელის მითითებით, ამჟამად არ არსებობს ის თანამდებობა, რაზედაც იგი მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ზარალის გამოთვლა უნდა მოხდეს მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 60 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1992 წლიდან 2005 წლმდე 8230 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 60 ლარის დაკისრება.

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “ .. .. ..”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებით, სს “ .. .. ..” მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, მას არ ჰქონდა გადახდილი სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით კი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ .. .. ..” წარმომადგენელმა ზ. მ-მ და მიუთითა, რომ მან დროულად გამოასწორა ხარვეზი და სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “ .. .. ..” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 8 მაისის განჩინებით სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

სს “ .. .. ..” განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 24 მაისს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 3 ივნისის ჩათვლით. ვინაიდან 3 ივნისი დაემთხვა დასვენების დღეს – შაბათს, მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 5 ივნისს, ამოიწურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ბოლო ვადა. სს “ .. .. ..” გაკოტრების დროებითმა მმართველმა დ. ხ-მ კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში წარმოადგინა 2006 წლის 19 ივნისს.

მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2006 წლის 31 მაისს, მაგრამ სასამართლოში აღნიშნული ქვითარი სს “ .. .. ..” დაგვიანებით წარმოადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სს “ .. .. ..” არ შეავსო დროულად ხარვეზი (დაგვიანებით წარმოადგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი), ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაუბრუნდეს.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ .. .. .” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინება;

სს “ .. .. ..” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 157 ლარი და 50 თეთრი საქართველოს ეროვნული ბანკის, კოდი _ 220101107, ანგ. ¹200122900, სახაზინო კოდი _ 300023115, საიდენტიფიკაციო კოდი _ 206160606 ანგარიშიდან;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.