Facebook Twitter

ას-494-731-08 7 ივლისი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ყ.-ი, წარმომადგენელი დ. ნ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ.-ი (მოპასუხე)

მესამე პირი _ ნოტარიუსი ნ. გ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 18 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. ყ.-მ მოპასუხე თ. მ.-ის, მესამე პირის _ ნოტარიუს ნ. გ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1996 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორაში ნოტარიუს მ. ბ.-ის მიერ დამოწმებული ანდერძის ბათილად ცნობა, 1997 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ნ. გ.-ის მიერ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება, ბაბუის _ დ. ყ.-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობა და მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე ¹27 ბინა 1993 წლის 25 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა მოსარჩელის ბაბუის _ დ. ყ.-ის სახელზე. ბინაში ასევე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამა ვ. ყ.-ი. დ. ყ.-ი გარდაიცვალა 1996 წლის 1 მარტს, ხოლო ვ. ყ.-ი _ 1996 წლის 22 დეკემბერს, ისე, რომ დ. ყ.-ის მემკვიდრეობა არ მიუღია. ამის გამო ვ. ყ.-ის გარდაცვალების მომენტისათვის აღნიშნული ბინა ჯერ კიდევ დ. ყ.-ის სახელზე ირიცხებოდა.

მოსარჩელე, როგორც დ. ყ.-ის კანონისმიერი მემკვიდრე, მიიჩნევდა, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ (კ. ყ.-ი ცხოვრობდა უკრაინაში, ქ. ...) მიიღებდა სადავო ბინას, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინა 1997 წლის აგვისტოდან თ. მ.-ის სახელზე ირიცხებოდა, ვ. ყ.-ის საანდერძო განკარგულების საფუძველზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, 1997 წლის 14 აგვისტოს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა კანონმდებლობის დარღვევით გაიცა. მართალია, ვ. ყ.-ი გარდაცვლილი მამის სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მიღებული სამკვიდრო მოწმობა, რის გამოც არაუფლებამოსილი იყო, განეკარგა დ. ყ.-ის დანაშთი ქონება. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო, ვ. ყ.-ს ოჯახისთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის ეანდერძებინა ბინა. ამასთან, თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ანდერძის ბათილობისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომში გაუქმდა თბილისის იმჟამინდელი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ისნის რაიონულ სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 4-5).

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ყ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 68-71).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ.-მ (წარმომადგენელი გ. ჯ.-ე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 72-73).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ყ.-ის (წარმომადგენელი გ. ჯ.-ე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 114-115).

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ყ.-მ (წარმომადგენელი გ. ჯ.-ე), რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა (ტომი 1, ს.ფ. 120-121).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით კ. ყ.-ის (წარმომადგენელი გ. ჯ.-ე) საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (ტომი 1, ს.ფ. 138-140).

სააპელაციო სასამართლოში 2005 წლის 3 მაისს დანიშნულ სხდომაზე კ. ყ.-ის წარმომადგენელ გ. ჯ.-ის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 170).

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ.-მ (წარმომადგენელი გ. ჯ.-ე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 174-175).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით კ. ყ.-ის წარმომადგენელ გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 211-215).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე კ. ყ.-ის წარმომადგენელმა გ. ჯ.-მ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა გავლილი ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, რის გამოც მოკლებული იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ კ. ყ.-ის ინფორმირების მიზნით გ. ჯ.-მ ითხოვა მისთვის გარკვეული ვადის მიცემა (ტომი 1, ს.ფ. 250-252).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო კ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, გაუქმდა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თბილისში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე თ. მ.-ის სახელზე რიცხულ ¹27 ბინას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს უწყება მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, მაგრამ აღნიშნული მისამართის მიხედვით უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა მისი მოუძიებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე, იგი ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. რაც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელი გ. ჯ.-ე 2007 წლის 3 მაისის სხდომაზე არ მიუწვევია, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გ. ჯ.-ის მიერ 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა საქმის განხილვაში, რის შესახებაც აცნობებდა თავის მარწმუნებელს. 2007 წლის 3 მაისის სხდომის დროის თაობაზე შესაბამისი ხელწერილით გაფრთხილებული იყო აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ.-ი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივ საფუძველს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის შედეგის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე გააუქმა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და დაადგინა თბილისში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე თ. მ.-ის სახელზე რიცხულ ¹27 ბინაზე ყადაღის მოხსნა (ტომი 1, ს.ფ. 273-275).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ყ.-მ (წარმომადგენელი დ. ნ.-ე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს კ. ყ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ პირობებში, როდესაც აპელანტისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება სრულიად გაურკვეველი მიზეზით უკანაა დაბრუნებული. მისი მითითებით, კ. ყ.-ი 9 წლის ასაკიდან უკრაინაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მოცემული საქმესთან დაკავშირებით მის რწმუნებულად გამოდიოდა გ. ჯ.-ე, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მანვე მიუთითა, რომ კ. ყ.-ს ქ. ...-ში მისამართი შეცვლილი არ ჰქონდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კ. ყ.-ის მიერ 2007 წლის 10 მაისს გ. ჯ.-ე გაცემული მინდობილობა, სადაც კ. ყ.-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: ქ. ..., ...-ის ქუჩა, სახლი 1, ბინა 15. აპელანტისათვის აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება მოუძიებლობის მიზეზით უკან დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობებში, ასევე უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 306-308).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ყ.-ის (წარმომადგენელი დ. ნ.-ე) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას კ. ყ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო უწყება, რომლითაც კ. ყ.-ს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სხდომის დროის შესახებ ეცნობა, გაიგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ უკრაინა, ქ. ..., ...-ის ¹1, ბინა ¹15. სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე უწყების ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია: «მოუძიებლობა» (ტომი 1, ს.ფ. 268). სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კ. ყ.-მ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც საქმის განმხილველ სასამართლოს არ აცნობა, რაც სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის მის მიერვე მითითებულ მისამართზე უწყების ჩაუბარებლობა მისი მოუძიებლობის გამო, არ ნიშნავს მხარის მიერ საცხოვრებელი მისამართის შეცვლას და არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო კონვერტით დგინდება არა ის, რომ კ. ყ.-ი აღარ ცხოვრობს ზემომითითებულ მისამართზე, არამედ ის გარემოება, რომ ადრესატი მის საცხოვრებელ მისამართზე ფოსტის თანამშრომელმა ვერ ნახა, რაც არ არის ერთი და იგივე. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს საცხოვრებელ მისამართზე კ. ყ.-ის მოუძიებლობის პირობებში არ გამოუყენებია მისი ინფორმირების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, წარმომადგენელ გ. ჯ.-ის მეშვეობით, რომელსაც, მართალია, არ ჰქონდა გავლილი ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, მაგრამ საქმეში არსებული მინდობილობით, რომელიც ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, გააჩნდა კ. ყ.-ის სახელით ყველა საქმის წარმოების უფლებამოსილება (ტომი 1, ს.ფ. 249).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმებას ექვემდებარება უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების ნაწილშიც, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გაუქმებით საქმის წარმოება გრძელდება და საფუძველი ეცლება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ყ.-ის (წარმომადგენელი დ. ნ.-ე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.