ას-495-842-07 19 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ს-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ნ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-იEE (მოპასუხე)
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა და ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ს წინააღმდეგ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.
2004 წლის 9 დეკემბრის სასამართლოს სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ მოსარჩელე თ. ს-ის წარმომადგენელი ო. ს-ე (მინდობილობის საფუძველზე), მათი ინტერესების დამცველი ნ. თ-ე (ორდერის საფუძველზე) და მოპასუხის წარმომადგენელი ვ. დ-ი (მინდობილობის საფუძველზე).
2005 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, თ. ს-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2005 წლის 18 თებერვალს თ. ს-ის წარმომადგენელმა ნ. თ-მ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
2007 წლის 27 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე თ. ს-ის წარმომადგენელმა ნ. თ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს, ხოლო მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ვ. დ-მა არ ცნო საჩივარი და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ო. ს-ე სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით, ხოლო, რაც შეეხება მისი გამოუცხადებლობის მიზეზს - ავადმყოფობას, კანონის თანახმად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი თ. და ო. ს-ების წარმომადგენელმა ნ. თ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ო. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ს-ის წარმომადგენელმა ნ. თ-მ. მან აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია რწმუნებულება, რომლის თანახმად ო. ს-ე თ. ს-ს წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ო. ს-ს მინიჭებული აქვს იგივე უფლებები, რაც მხარედ ყოფნის შემთხვევაში პროცესზე გამოსვლისას ექნებოდა თ. ს-ს, მათ შორის, გასაჩივრების უფლებაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ო. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ო. ს-ე არ წარმოადგენს არც მხარეს, არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც უფლებამოსილია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ო. ს-ე სანოტარო აქტის საფუძველზე არის თ. ს-ის წარმომადგენელი და ნ. თ-ის მარწმუნებელი. ო. ს-ე უფლებამოსილია, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ო. ს-ე არაუფლებამოსილ პირად, მითუმეტეს სააპელაციო საჩივარი შეტანილია ო. ს-ის წარმომადგენელ ნ. თ-ის მიერ. გარდა ამისა, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს მინდობილობის ვადა არ ყოფილა გასული იმ დროისათვის, როცა სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ო. ს-ე წარმოადგენს თ. ს-ის წარმომადგენელსა და ადვოკატ ნ. თ-ის მარწმუნებელს, რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.