Facebook Twitter

ას-496-843-07 25 ივლისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ .. ..”

წარმომადგენელი _ გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1996 წლის 20 მაისიდან 2000 წლის 13 დეკემბრამდე ი. ბ-ი მუშაობდა საქართველოს ... სამინისტროს ბორჯომის ყოფილ ... სანატორიუმში, ამჟამად სანატორიუმ “ .. ..”, ჯერ ...ის, ხოლო შემდეგ ...ის თანამდებობაზე. 2000 წლის 13 დეკემბრის ¹...-ე ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა სამსახურიდან.

2006 წლის 3 ივლისს ი. ბ-მა სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების სახით სულ _957 ლარის დაკისრება მოპასუხეზე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “.. ..” (საქართველოს ... სამინისტროს ყოფილი ბორჯომის ... სანატორიუმი) დაეკისრა 957 ლარი გადახა მოსარჩელე ი. ბ-ს სასარგებლოდ.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის განჩინებით, შპს “ .. ..” დირექტორ დ. ტ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაძე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2007 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” წარმომადგენელმა გ. მ-მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით შპს “ .. ..” წარმომადგენელ გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ .. ..” წარმომადგენელმა გ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ .. ..” წარმომადგენელ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიელბით დაკმაყოფილდა ი. ბ-ს სასარჩელო მოთხოვნა, რომლის ღირებულება შეადგენდა 957 ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “ .. ..” წარმომადგენელ გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..” წარმომადგენელ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.