Facebook Twitter

¹ას-497-882-06 12 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის წინააღმდეგ თანხის დაბრუნების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს ასესხა 900 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2004 წლის თებერვალში. 2004 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიულად. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ნ. ბ-ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2004 წლის 20 მაისს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა ძირითადი თანხის 0,5%-ს.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ პირობა ნაწილობრივ შეასრულა, ნ. ბ-მ მას დაუბრუნა მხოლოდ 100 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, მოითხოვა ძირითადი თანხის – 900 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით – 493 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ბ-მ საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ბ-ს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1260 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მ.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (სფ.109).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მ და მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება მას ჩაჰბარდა 2006 წლის 4 მაისს. მან ხარვეზი შეავსო დროულად და სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მას შეეძლო სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა 18 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ნ. ბ-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ ნ. ბ-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 4 მაისს (სფ. 98), მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 14 მაისის ჩათვლით. ნ. ბ-მ 2006 წლის 16 მაისს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (სფ. 99). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (სფ. 109).

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე - 14 მაისი დაემთხვა დასვენების დღეს, ნ. ბ-ს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხდა მომდევნო სამუშაო დღეს – 15 მაისს. მან კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 16 მაისს, 1 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.