საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-498-735-08 7 ივლისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ.(შ.) ჯ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)
მესამე პირები _ 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური; 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სამტრედიის განყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ მორიგების აქტის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. . ივნისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “.. ..-მ” მოპასუხე გ.ჯ-ძის, მესამე პირების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამტრედიის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: შპს “.. ..-ს” ტერიტორიაზე არსებული 56მ2 მიწის ფართის და მასზე განათვსებული შენობა-ნაგებობის გ. ჯ-ძის სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა, შპს “.. ..ს” მითითებული ფართის მესაკუთრედ აღიარება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის აღნიშნული რეგისტრაციის დავალდებულება და მიწის ფართის უკანონო სარგებლობის გამო მოპასუხისათვის 5660 ლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 19..წ. მისთვის საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად შეიძინა სამტრედიის რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული ..580მ2 მიწის ფართი სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შპს “.. ..ზე” გაიცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა, რის შედეგადაც 19..წ. .. მაისიდან შპს “.. ..” გახდა ზემოაღნიშნული მიწის ფართის მესაკუთრე.
20..წ. 8 თებერვალს გ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე მიეცათ მისთვის სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოპასუხემ განცხადებას დაურთო ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან იმის თაობაზე, რომ მიწის გადასახადის დავალიანება არ ერიცხებოდა და ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც გ. ჯ-ძე ბაზრის ტერიტორიაზე ფლობდა 56მ2 მიწის ფართობს, რომლიდანაც სასაუზმის შენობის ქვემოთ მდებარე მიწის ფართი შეადგენდა 39.02მ2-ს, ხოლო ე.წ. თავისუფალი ფართი, შენობა-ნაგებობის გარეშე ...982-ს, რომელზედაც 20..წ. ივლისის თვიდან მოპასუხემ დადგა “კონტეინერი”. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გ. ჯ-ძის სახელზე გაიცა 56მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 1-..).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. 20 სექტემბრის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა (ტომი 1, ს.ფ. ..9-..0).
რაიონული სასამართლოს 20..წ. 21 სექტემბრის სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. ..8).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მათ მიერ 20..წ. .. აგვისტოს შედგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: შპს “.. ..ს” ადმინისტრაცია თანხმობას აცხადებდა, შ. ჯ-ძის საკუთრებაში დარჩენილიყო ძირითადი შენობა 46 კვ.მ ფართით და მის ქვეშ განთავსებული 46 მ2 მიწის ნაკვეთით, რომელზედაც არსებული შენობა მყარად იყო დამაგრებული. აღნიშნული ფართის გარეთ შ. ჯ-ძეს აეკრძალა სავაჭრო დახლის, სავაჭრო ადგილის და სხვა ტექნიკის განთავსება შპს “.. ..ს” ადმინისტრაციასთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. შენობის გარეთ ყოველი კვადრატული მეტრი ფართით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა შპს “.. ..სა” და შ. ჯ-ძეს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით. სხვა მიწის ფართზე, უძრავ ან მოძრავ ნაგებობებზე შპს “.. ..ს” ტერიტორიაზე შ. ჯ-ძეს მომავალში რაიმე ქონებრივი პრეტენზია არ ექნებოდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, შპს “.. ..ს” ტერიტორიაზე ამჟამად, შ. ჯ-ძის საკუთრებაში არსებული კონტეინერის ქვემოთ მიწით სარგებლობისათვის გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულება, 20..წ. 21 სექტემბრიდან 20..წ. .. მარტამდე, რომლის საფუძველზეც შ. ჯ-ძე შპს “.. ..ს” ყოველთვიურად გადაუხდიდა ..0 ლარს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შ. ჯ-ძე უპირობოდ უზრუნველყოფდა კონტეინერის შპს “.. ..ს” ტერიტორიიდან გატანას. შ. ჯ-ძე თანხმობას აცხადებდა, მის სახელზე საჯარო რეესტრში 56მ2-დან ..მ2 სათავსო თავისივე მიწის ფართით დაერეგისტრირებინა შპს “.. ..ს” საკუთრებად. შპს “.. ..” უარს ამბობდა მოთხოვნაზე სარჩელის იმ ნაწილში, სადაც ითხოვდა თანხის ანაზღაურებას, როგორც შენობის, ასევე კონტეინერით სარგებლობისათვის (ტომი 1, ს.ფ. ..9-..1).
მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა როგორც გ.(შ.) ჯ-ძემ, ისე შპს “.. ..მ”, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
გ. ჯ-ძის მითითებით, მორიგების აქტზე მას ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რის გამოც მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება გაუქმებას ექვემდებარებოდა.
შპს “.. ..ს” წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ გ.(შ.) ჯ-ძის მიერ მორიგების აქტის შედგენიდან რამდენიმე წუთში დაირღვა მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები, რამდენადაც მოპასუხის მეუღლე _ ლ. ჯ-ძე მას თავის სამუშაო ოთახში შეუვარდა და ბეტონის ნატეხები ესროლა. ამდენად, მოპასუხემ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები იმთავითვე დაარღვია, რაც საჭიროებდა საქმეზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებას (ტომი 1, ს.ფ. ..5; ..6-..7).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს “.. ..ს” წარმომადგენელმა გ.(შ.) ჯ-ძის კერძო საჩივარი ცნო იმ ნაწილში, რომლითაც მხარე მოითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. თავის მხრივ, გ.(შ.) ჯ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა შპს “.. ..ს” კერძო საჩივარი ცნეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში (ტომი 2, ს.ფ. 67-70).
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის განჩინებით შპს “.. ..ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გ.(შ.) ჯ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. 21 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ გ.(შ.) ჯ-ძემ და შპს “.. ..ს” წარმომადგენელმა კერძო საჩივრები ცნეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობებს, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. მოპასუხის მიერ სარჩელის (კერძო საჩივრის) ცნობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. კანონის ანალოგიიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ კერძო საჩივრების ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა განჩინება კერძო საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 73-77).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-ძის სახელზე 56მ2 მიწის ფართის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სარეგისტრაციო ჩანაწერი, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მიწის ფართის უკანონო სარგებლობისათვის 5660 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “.. ..” 19..წ. .. მაისიდან 1996 წლის 12 ნოემბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ..580მ2 მიწის ფართის მესაკუთრე საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად (სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი).
სასამართლოს განმარტებით, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს ამავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ შპს “.. ..მ” 19..წ. .. მაისს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატარა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი ..580კვ.მ-ის ოდენობით, მათ შორის, სადავო 56მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც, მოპასუხის საკუთრებაში მისი დამატებითი რეგისტრაცია წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
შპს “.. ..ს” მიერ 19..წ. .. მაისიდან 1996 წლის 12 ნოემბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ იქნა ..580კვ.მ მიწის ფართი საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, რის შემდეგაც იგი გახდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედებს რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, არსებული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 19..წ. .. მაისს შპს “.. ..ს” საკუთრებაში აღირიცხა ..580მ2 მიწის ფართი, ხოლო 20..წ. 8 თებერვალს კი იმავე მიწის ფართის 56მ2-ზე გ. ჯ-ძემ მოიპოვა საკუთრების უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რაც, რაიონული სასამართლოს აზრით, კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის ..0-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად სასამართლომ 20..წ. მარტი მიიჩნია, ანუ ის დრო, როდესაც შპს “.. ..მ” მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობის შემოწმების დასკვნა.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 56მ2 მიწის ფართის უკანონო სარგებლობისათვის 5660 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ საკმარისად არ ჩათვალა მოსარჩელის მხოლოდ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი სხვადასხვა რაოდენობის ქირით განისაზღვრებოდა მისი მდებარეობიდან გამომდინარე და მოცემულ შემთხვევაში 5660 ლარი მიღებული იყო ქირის საშუალო ფასით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია (ტომი 2, ს.ფ. ..2-..6).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან ამავე ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ტომი 3, ს.ფ. 1-12).
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 20..წ. .. მაისის სხდომაზე წარდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად სადავო 56მ2 ფართიდან მხარეები თანახმანი არიან შ. ჯ-ძეს საკუთრებაში დარჩეს 39.02მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ფართის ათვლა დაიწყოს წინა _ აღმოსავლეთი მხრიდან და 39.02მ2 ფართის შესრულების შემდეგ დარჩენილი შენობის ნაწილი შესაბამისი მიწის ფართით დარჩეს შპს “.. ..ს” საკუთრებაში. აღნიშნული 39მ2 მიწის ფართის და შესაბამისი შენობის გარეთ ყველა მხრიდან შ. ჯ-ძეს აეკრძალოს სავაჭრო დახლის და სავაჭრო ადგილის მოწყობა ანდა სხვა ტექნიკისა და დანადგარის მოწყობა-განთავსება შპს “.. ..ს” ადმინისტრაციასთან სათანადო მიწათსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. შ. ჯ-ძე მის კუთვნილ ობიექტში (39.02მ2 მიწის ფართში) გადაიხდის კომუნალური, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადს. მხარეები თანახმანი არიან ამ მორიგების პირობებით სათანადო ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, შესაბამისი ხარჯები გაიღოს შ. ჯ-ძემ. მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ ამავე დავასთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე პრეტენზია არ ექნებათ. (ტომი 3, ს.ფ. 203; 2..-2..).
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით წარმოდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდა ზემოაღნიშნული პირობებით და საქმის წარმოება შეწყდა (ტომი 3, ს.ფ. ..1-..8).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ იგი დღემდე საკუთარი პოზიციების მართებულობაში დარწმუნებულია, მოწინააღმდეგე მხარესთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მიზნით, დათანხმდა შეთავაზებული მორიგების პირობას, რომ სადავო მიწის ფართიდან თავის საკუთრებაში დარჩენილიყო მხოლოდ 39.02კვ.მ სამომხმარებლო ფართი, რაც თავის დროზე ტექნიკური პასპორტით მის საკუთრებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ გ. ჯ-ძემ მოწინააღმდეგე მხარეს შესთავაზა სპეციალისტის მიწვევა და ფართის გაზომვა, რაზეც ბაზრის ადმინისტრაციამ უარი განუცხადა. მოგვიანებით შპს “.. ..მ” დაიწყო ფართის თვითნებურად გაზომვა, რა დროსაც კერძო საჩივრის ავტორი დარწმუნდა, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერის შედეგად იგი მოტყუებული დარჩა. აღნიშნული აქტის არსებობის პირობებში არსებითად ილახება მისი უფლებები.
რაიონულმა სასამართლომ გ. ჯ-ძის სახელზე 56მ2 მიწის ფართის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სარეგისტრაციო ჩანაწერი მხოლოდ იმ მოტივით გააუქმა, რომ 20..წ. 8 თებერვლის რეგისტრაციამდე, 19..წ. .. მაისიდან მითითებული ფართი შპს “.. ..ს” სახელზე ირიცხებოდა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ შპს “.. ..ს” მიმართ განხორციელებული პრივატიზაცია წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მიწის მართვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20..წ. .. ივლისს განუმარტა სამტრედიის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებული იყო რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, არ შეიძლებოდა დარეგისტრირებულიყო ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებად, შესაძლებელი იყო მხოლოდ მიწის საერთო საკუთრებად რეგისტრაცია და თანამესაკუთრეთა იდეალური წილის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლოს ასევე ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ პრივატიზაციის დაწყებამდე გ. ჯ-ძის კუთვნილებაში არსებული ნაგებობა არ წარმოადგენდა სამტრედიის მუნიციპალური საკოლმეურნეო ბაზრის საკუთრებას. ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, როგორ მოახდინა სადავო შენობის პრივატიზაცია შპს “.. ..მ”.
გარდა ზემოაღნიშნულია, საგულისხმოა, რომ მორიგების აქტის არსებობის პირობებში გ. ჯ-ძეს რჩება შენობის მცირედი ნაწილი, რისი დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია და მას უწევს შენობის დანგრევა. დღეის მდგომარეობით ერთადერთი პირობა, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი შესაძლებლად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგებას, არის 46კვ.მ მიწის ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა. სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მითითებული ფართი კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს და მორიგების აქტით არსებითად ილახება მისი უფლებები (ტომი 3, ..8-..9; ..7-250).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. მაისის სხდომაზე მხარეებმა იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცება, რასაც დაეთანხმა გ.(შ.) ჯ-ძე და მისი წარმომადგენელი ე. ს-ძე. აღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერს როგორც შპს “.. ..ს” წარმომადგენელი, ისე გ.(შ.) ჯ-ძე პირადად (ტომი 3, ს.ფ. 203). ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება შეწყდა (ტომი 3, ს.ფ. ..1-..8).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილენი აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული, დაამთავრონ საქმე მორიგებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა _ გ. ჯ-ძემ პირადად, ხოლო შპს “.. ..მ” წარმომადგენლის _ გ. შ-ს მეშვეობით განკარგეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მორიგებით დასრულებაზე. შესაბამისად, მათი აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარებოდა დამტკიცებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება აღნიშნული აქტის დამტკიცების შედეგად მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. მორიგების აქტში ჩამოყალიბებულ პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ. სადავო შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელდა გ.(შ.) ჯ-ძის მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით, რის გამოც მისი მსჯელობა კერძო საჩივარში დასახელებული პირობების შეუსაბამობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
მორიგების აქტის გაუქმების საფუძვლად ასევე ვერ ჩაითვლება გ.(შ.) ჯ-ძის მითითება იმის შესახებ, რომ ამ აქტის მოქმედების პირობებში მის საკუთრებაში რჩება სადავო შენობა-ნაგებობის მცირე ნაწილი, რისი დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია. გადამწყვეტია ის გარემოება, რომ აღნიშნული მორიგების თაობაზე მან ნება უკვე გამოავლინა მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ფართის თვითნებურად გაზომვის ფაქტზე, რაც არსებითად არღვევს მის უფლებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის ამგვარი ქმედება (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს არა მორიგების აქტის გაუქმების, არამედ ამ აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო განჩინების იძულებითი წესით აღსრულების საფუძველს, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.(შ.) ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.