Facebook Twitter

¹ას-500-847-07 10 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ეEE (მოსარჩელე)

დავის საგანი – განქორწინება და ალიმენტის გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2006 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. გ-მ ვ. ო-ის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის გადახდის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 2004 წლის 1 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ვ. ო-თან. 2005 წლის 26 სექტემბერს მათ შეეძინათ შვილი დ. ო-ი. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის უკვე ერთი წელია ცოლ-ქმრული ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა, რის გამოც მოითხოვა განქორწინება და შვილის - დ. ო-ის სასარგებლოდ ალიმენტის – 500 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ვ. ო-მა. საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით ვ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ო-მა.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განჩინებით აპელანტს მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით ვ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ო-მა. მან მიუთითა, რომ მას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი და არ იცოდა, თუ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ვ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განჩინება ვ. ო-ს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე იგი არ ცხოვრობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნა სასამართლოში ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს და მისთვის უცნობი იყო ხარვეზის შესახებ. მართალია, ვ. ო-ის სააპელაციო საჩივარს ახლავს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ მას გადასახდელი ჰქონდა არა 150 ლარი, არამედ 240 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში კი 6000 ლარის 4% არის 240 ლარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი აპელანტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.