¹ას-502-738--08 17 სექტემბერი 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _შპს ,,ქ-ის” დირექტორი ნ. ვ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე –ი. გძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ი. გ-ძის მოთხოვნა სამედიცინო განყოფილების მიერ მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ქ-ს“ მოსარჩელე ი. გ-ძის“ მიმართ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ-მა“ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის არ დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით შპს ,,ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს შპს „ქ-ს“ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 შწლის 11 თებერვალს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 18 თებერვლამდე. აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-იძემ
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ, `ქ-ს“ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა 2007 წლის 11 თებერვალს, არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგანაც მათ მიერ გასაჩივრებული იქნა 2007 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება. მათ განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე მიიღეს არა 2007 წლის 11 თებერვალს, არამედ 2008 წლის 11 თებერვალს და 2008 წლის 13 თებერვალს „ქ-ის“ სახელით სახელმწიფო ხაზინის ბანკში ქობულეთის რ-ში, შეიტანეს თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნულზე ბანკის მიერ გაცემული ქვითარი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო აღმოჩნდა დაწესებულების ბუღალტერთან. ქვითარის გადაგზავნის საკითხი, როგორც ტექნიკური მხარე გამორჩათ მხედველობიდან. მათ ხელთ აქვთ ბაჟის გადახდის ქვითარი 2008 წლის 13 თებერვლის თარიღით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 09 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ქ-ის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული გაჩინება აპელანტს ჩაბარდა 2008 წლის 11 თებერვალს (ს.ფ.31) მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2008 წლის 5 მაისის განჩინებით შპს ,,ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, შპს ,,ქ-ის” მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2008 წლის 13 თებერვალს „ქ-ის“ სახელით სახელმწიფო ხაზინის ბანკში ქობულეთის რაიონში შეიტანეს თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ბანკის მიერ გაცემული ქვითარი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო აღმოჩნდა დაწესებულების ბუღალტერთან, ქვითარის გადაგზავნის საკითხი, როგორც ტექნიკური მხარე გამორჩათ მხედველობიდან. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის განჩინების დადგენილებით ნაწილში მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სასამართლოში, რასაც ადგილი არ Fჰქონია, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ქ-ის”დირექტორის ნ. ვ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.