Facebook Twitter

ას-502-813-09 6 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ნ. ა-ძე (წარმომადგენელი ნ. კ-ავა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ბ-აშა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება

სარჩელის საგანი _ შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ მორიგების შესახებ განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 4 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ბ-აშამ მოპასუხე, ნ. ა-ძეს წინააღმდეგ და მოითხოვა შვილთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წლის 4 სექტემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ. ა-ძესთან, მათ ერთად ცხოვრების პერიდში შეეძინათ შვილი მ. ბ-აშა, დაბადებული 2004 წლის 29 აგვისტოს. ამჟამად მოსარჩელე და მოპასუხე ურთიერთობის გამწვავების გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ შვილის მიმართ ორივე მხარეს ექნებოდათ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მათივე შეთანხმებით, ბავშვი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იქნებოდა მამასთან, ხოლო პარასკევიდან ორშაბათამდე _ დედასთან. შეთანხმება მოქმედებდა 5 თვის განმავლობაში. 2009 წლის 14 იანვარს მოპასუხემ შვილი წაიყვანა და მას შემდეგ მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობის საშუელებას არ აძლევს (ს.ფ. 1-12).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-აშას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ბ-აშას შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში სამი დღე, ორშაბათ დილიდან ხუთშაბათ დილამდე, სადღესასწაულო დღეებში კი დღის პირველი ნახევარი 14 საათამდე. მოსარჩელის მოთხოვნა ზაფხულის და ზამთრის არდადეგების ნახევარი დროის შვილთან ურთიერთობის დღეებად განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველის ნაწილი და 121ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, აღზარდონ ისინი, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე შესაგებელში თავის მოსაზრებებს აფუძნებდა ძირითადად იმ გარემოებებზე, რომ მ. ბ-აშა ცუდ გავლენას ახდენს შვილის აღზრდაზე. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს მშობლისათვის განსაზღვრული ვადით შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას სასამართლოს მიერ, თუკი ეს ურთიერთობა ხელს უშლის მის ნორმალურ აღზრდას და მავნე ზეგავლენას ახდენს მასზე. მოცემულ შემთხვევაში ნ. ა-ძეს ასეთი თხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს, ასევე მოპასუხემ ვერ მიუთითა, კომკრეტულად რა მავნე ზეგავლენას ახდენს მამა შვილზე და რატომ არის მასთან ურთიერთობა ბავშვისათვის საზიანო (ს.ფ. 63-65).

2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ძემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-აშასთვის ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრა შაბათ დილის 11.00 საათიდან კვირა დღის 18.00 საათამდე, ხოლო სადღესასწაულო დღეებში _ დილის 12.00 საათიდან 17.00 საათამდე. აპელანტმა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა, რომ მოწიმააღმდეგე მხარე არ შესწევს უნარი, სრულფასოვნად განახორციელოს მშობლის უფლება-მოვალეობები (ს.ფ. 69-78).

2009 წლის 21 აპრილს გამართულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მ. ბ-აშას შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევი 16.00 საათიდან კვირის 18.00 საათამდე, უქმე დღის 12.00 საათიდან 17.00 საათამდე, საზაფხულო არდადეგებიდან 2 სრული კვირა, ხოლო ზამთრის არდადეგებიდან _ 1 სრული კვირა დასასვენებლად წაყვანის მიზნით (ს.ფ. 115-119).

სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-ძემ (წარმომადგენელი ნ. კ-ავა), რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მორიგების დამტკიცების დროს სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ თავის წარმომადგენელზე გააფორმა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, მ. ბ-აშას სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და დამოწმებულ მინდობილობაში. ამ შემთხვევში კერძო საჩივრის ავტორის აზრით დაირღვა საქართველოს კანონი “ნოტარიატის შესახებ”, “სანოტარო მოქმედებათა შესახებ” დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები, რის საფუძველზეც რწმუნებულება არის იურიდიული ძალის არმქონე (ს.ფ. 122).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ძის (წარმომადგენელი ნ. კ-ავა) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებს შორის შედგა მორიგება. აღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერენ აპელანტი ნ. ა-ძე და მისი წარმომადგენელი ნ. კ-ავა, მოწინააღმდეგე მხარის, მ. ბ-აშას წარმომადგენელი მ. ს-ძე (ს.ფ. 113). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ბ-აშას თავის წარმომადგენელ მ. ს-ძესათვის მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საქმის მორიგებით დამთავრებაზე (ს.ფ. 18). რწმუნებულება ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება შეწყდა (ს.ფ. 115-119).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილენი აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული, დაამთავრონ საქმე მორიგებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი შეიცავს იმ საპროცესო მოქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. მითითებული ნორმის მიხედვით, წარმომადგენელს შეუძლია დაამთავროს საქმე მორიგებით მხოლოდ მინდობილობაში სპეციალური მითითების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა განკარგეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მორიგებით დასრულებაზე, რის შესაბამისადაც მათი აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტი, როგორც მხარეთა და მათი წარმომადგენლების მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარებოდა დამტკიცებას. მორიგების აქტში ჩამოყალიბებულ პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ. სადავო შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელდა აპელატის, მისი წარმომადგენლისა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით.

მორიგების დამტკიცების თობაზე სადავო განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება მორიგების აქტის ხელმოწერის დროისათვის მარწმუნებლის პირადობის მოწმობის ვადის გასვლისა და აღნიშნული პირადობის მოწმობის საფუძველზე მინდობილობის გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მარწმუნებელ მ. ბ-აშას მიერ გამოვლენილია ნამდვილი ნება წარმომადგენელ მ. ს-ძისათვის მორიგების უფლების მინიჭების შესახებ, კერძო საჩივრის ავტორი კი ვერ აქარწყლებს აღნიშნული ნების გამოვლენის ნამდვილობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-ძის (წარმომადგენელი ნ. კ-ავა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.