Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-50-334-08 10 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-იკი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. მ-შვილი, თ. ს-იძე, ა. ს-იძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ხ-იკმა მოპასუხეების ნ. მ-შვილის, თ. ს-იძის, ა. ს-იძის და „ბინსოცბანკის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებზე სოლიდარულად 4700 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1996 წლის 11 მარტს მასა და „ბინსოცბანკის“ ფილიალს შპს „მარსი-96-ის“ ადმინისტრაციას შორის დადებული იქნა ხელშეკრულება ფულადი სახსრების ანაბრის შენახვის შესახებ ყოველთვიურად 8%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად მის მიერ ანაბრის სახით შეტანილი იქნა 1000 აშშ დოლარი, ხოლო 1996 წლის 14 აპრილს 3300 აშშ დოლარი, სულ - 4300 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხეებმა მიუხედავად მათი დაპირებისა პირნათლად შეასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 1996 წელს მიითვისეს მეანაბრეთა თანხები და მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს და ითხოვდა თანხების დაბრუნებაში დახმარებას, მაგრამ მის განცხადებებს სამართალდამცავი ორგანოებიდან რეაგირება არ მოყოლია.

მხარის მტკიცებით 1999 წლის 27 იანვარს შპს „მარსი-96-ის“ პრეზიდენტმა ნ. მ-შვილმა მისცა ხელწერილი ვალის ანაზღაურების შესახებ, რომლის თანახმადაც 4700 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 1999 წლის 1 სექტემბრამდე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნული ხელწერილისა მოპასუხეები კვლვ გაუჩინარდნენ და მიითვისეს მეანაბრეთა თანხები.

საქმის სასამართლოში წარმოებისას მოსარჩელემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა „ბინსოცბანკის“ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბანკი აღარ არსებობს და მის მიმართ მოთხოვნა არ აქვს. სასამართლოს მიერ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბინსოცბანკის მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

2007 წლის 25 იანვარს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რის გამოც დაკმაყოფილდა მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2007 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. ხ-იკის საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განხილული იქნა არსებითად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-იკის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-იკმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-იკის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ აპელანტს, 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 21 სექტემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 21 ნოემბრამდე. მიუხედავად აღნიშნულისა აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-იკმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მიცა ვადა ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის თანახმად ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. იმის გამო, რომ მოპასუხეებს ფაქტობრივად ჩადენილი აქვთ დანაშაული თაღლითობა და სხვისი ქონების მითვისება-გაფლანგვა, საჩივრით არაერთხელ მიმართა აჭარის ა.რ. პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მოპასუხეების წინააღმდეგ, მაგრამ უარი უთხრეს. მან გაასაჩივრა გენერალურ პროკურატურაში, რომელმაც საჩივარი გადაუგზავნა აჭარის პროკურატურას, საიდანაც კვლავ მიიღო უარი დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

იმის გამო, რომ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი საკითხი დამნაშავე ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ, განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

პალატამ ორი თვით გაუგრძელა ვადა, მაგრამ ამ ვადაში საქართველოს გენერალური პროკურატურიდან დღემდე არ მიუღია პასუხი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მისი საჩივარი დატოვა განუხილველი.

ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული საქმის ირგვლივ საერთოდ არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ჩატარებული წინასწარი გამოძიება. სამართალდამცავმა ორგანომ მეანაბრეები დატოვა სახელმწიფო დაცვის გარეშე. ამავე დროს აქტიურად მფარველობენ დამნაშავე პირებს, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონებს. წლების მანძილზე შეტანილი საჩივრები იხილებოდა ფორმალურად, კანონების უხეში დარღვევით. ამის გამო საჩივრით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს პარლამენტს. იმედოვნებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს დამნაშავე პირების წინააღმდეგ, რასაც მისთვის ექნება არსებითი მნიშვნელობა.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ შეზღუდა მისი კანონიერი უფლებების განხორციელება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე წლის 20 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარზე მ. ხ-იკს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა განჩინების ჩაბარებიდან ორი თვით.

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-იკის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით მართებულად იხელმძღვანელა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძრის შემდეგ იგი ცნობილი იქნებოდა დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ, რის საფუძველზეც გათავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სისხლის სამართლის წარმოების წესით საქმის განხილვის შესაძლებლობა არ შეიძლება მიჩნეული იქნას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ხ-იკის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ხ-იკის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.