Facebook Twitter

№311-17 29 ნოემბერი, 2017 წელი

ხ-ი ა, 311-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ა. ხ-ს

ადვოკატების - დ. მ-ს, მ. თ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. მ-ა და მ. თ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ქვრივიშვილმა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2016 წლის 29 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ-ა და ითხოვა ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით განცხადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

2017 წლის 11 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-ა და ითხოვა ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება იმ საფუძვლით, რომ ადვოკატმა წარმოადგინა დაზარალებულ ს. კ-ს უფლებამონაცვლის, შვილის - გ. კ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განცხადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა - დ. მ-ა და მ. თ-ა საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატები ითხოვენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს გათავისუფლებას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებული ს. კ-ი ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შესახებ ვერ დააფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რადგან იგი გარდაიცვალა 2015 წლის 16 ივნისს, ხოლო ამ ეტაპზე გამოკვეთილია ახალი გარემოება, კერძოდ - დაზარალებულ ს. კ-ს უფლებამონაცვლე და კანონიერი მემკვიდრე - მისი შვილი გ. კ-ი თანახმაა, რომ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და იგი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი-21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2013 წლის 24 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ქვრივიშვილმა ძებნილი მსჯავრდებულის - ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 14 თებერვლის მიმართვით (რომელიც 2013 წლის 22 თებერვალს ჩაჰბარდა ნ. კ-ს მეუღლეს - დ. კ-ს, პ/ნ ....) წერილობით აცნობა დაზარალებულ ს. კ-ს საქმის მიმდინარეობის შესახებ და სთხოვა ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ასევე, განუმარტა, რომ იმავე კანონის თანახმად, მისი მხრიდან პასუხის გაუცემლობა აღიქმებოდა როგორც უარი. აღნიშნული თანხმობის წარმოსადგენად დაზარალებულს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მიმართვის ჩაბარებიდან. მიუხედავად ამ გარემოებისა, ვინაიდან დაზარალებულ ს. კ-ს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს წარმოუდგენია ა. ხ-ს მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ დაზარალებულის თანხმობა სასამართლოში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16-მე-18 მუხლებით და მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ გამოიყენა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ამნისტია (დანიშნული სასჯელი შეუმცირა ერთი მეოთხედით), რის შესახებაც უკვე არაერთხელაა განმარტებული როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებებში.

შესაბამისად, დადგენილია, რომ დაზარალებულ ს. კ-ს გარდაცვალებამდე - 2015 წლის 16 ივნისამდე, უკვე დაფიქსირებული ჰქონდა თავისი პოზიცია ა. ხ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ უცნობია დაზარალებულის პოზიცია მისი გარდაცვალებიდან გამომდინარე და ამასთან, ამჟამად მისი მემკვიდრე გ. კ-ი თანახმაა, რომ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და იგი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძებნილ მსჯავრდებულ ა. ხ-ს დააპატიმრებენ ან თავად გამოცხადდება სათანადო ორგანოებში, მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს უფლება აქვს, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. მ-ა და მ. თ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი