Facebook Twitter

ას-504-815-09 23 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ძის წარმომადგენელი ბ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-ისი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის განცხადება იურიდიული მინშვნელობის მქონე ფაქტის – საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, გ. ბ-ძე აღიარებულ იქნა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹215ა-ში მდებარე ¹21 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ვ. ა-ისის წარმომადგენელ დ. ვ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 18 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და გ. ბ-ძის განცხადება “საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის დადგენის შესახებ” დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთAპალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინების გუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან მოიპოვა ისეთი მტკიცებულებები, რომლის გაცნობის საშუალებაც რომ ჰქონოდა სასამართლოს, გამოიტანდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, ხოლო მტკიცებულებები მოიპოვა მას შემდეგ, რაც მიმართა სხვა ადვოკატს. კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, შპს “ივერია პს”-ის 2009 წლის 30 იანვრის წერილობითი პასუხითა და თანდართული დოკუმენტების თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ. ა-ოვი (ვ. ა-ისი) 1991 წლიდან ოჯახთან ერთად ამოწერილია მასზე გადაცემული, ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹215ა-ში მდებარე ¹21ა სამსახურებრივი ბინიდან და მან 1991 წლიდან სადავო ბინაზე დაკარგა უფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით გ. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა _ მტკიცებულების წარმოუდგენლობა, ვერ ჩაითვლებოდა საპატიოდ მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის გადაწყვეტისას მხარემ არ ისარგებლა იმ წარმომადგენლის მომსახურებით, რომელიც უფრო უკეთ ერკვეოდა განსახილველი დავის არსში.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძის წარმომადგენელმა ბ. ბ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ძის განცხადების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გ. ბ-ძეს მტკიცებულებათა მოპოვება-წარმოუდგენლობაში ბრალი არ მიუძღვოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ბ-ძის წარმომადგენელ ბ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

განსახილევლ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ბ-ძემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლო საქმის განხილვისას წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვ. ა-ისი ამოწერილია სადავო ბინიდან. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული მტკიცებულება რომც წარმოედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, იგი ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებისა და მე-2 ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. თუ უდავო წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ საქმის უდავო წარმოების დროს დავა აღიძვრება, სასამართლო უკვე ვეღარ განიხილავს ამ საქმეს უდავო წარმოების წესით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღძრან სარჩელი საერთო წესის დაცვით

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვ. ა-ისი ამოწერილია სადავო ბინიდან, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა დავა და საქმე უნდა განხილულიყო უდავო წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთი გარემოებები და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო განჩინების მიღების დროს მიეთითებინა, და, რომლებიც ადრე რომ წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ-ძის წარმომადგენელ ბ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.