Facebook Twitter

საქმე №65აგ-17 თბილისი

ო-ი ბ, 65აგ-17 17 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით ბ. ო-ი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბ. ო-ს სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ო-ს გაუნახევრდა ამავე სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელი - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. 2017 წლის 2 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატმა ო. მ-ა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისგან მისი გათავისუფლება 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატმა ო. მ-ა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლება 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე; ასევე მიუთითა, რომ ექსპერტიზის 2006 წლის 2 ოქტომბრის დასკვნით დგინდება მსჯავრდებულ ბ. ო-ს უდანაშაულობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამასთან, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

5. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 519-ე მუხლის შესაბამისად, თუ აპელანტის აზრით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ან უკანონოა, მას შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით, რომელსაც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 და 521-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

6. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თუ საქმეზე მსჯავრდებულის დაუსწრებლად არის გამოტანილი განაჩენი, რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო ან საკასაციო წესით და არ ამოწურულა ასეთი წესით გასაჩივრების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის და ასეთი განაჩენი არ წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას; შესაბამისად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც არ არის შემაჯამებელი (საბოლოო) და შესაძლებელია მისი გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის №91აგ-16 განჩინება; 2017 წლის 22 ივნისის №21აგ-17 განჩინება; 2017 წლის 29 სექტემბრის №52აგ-17 განჩინება). ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს იმ საპროცესო კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2017 წლის 4 ივლისის №27აგ-17 განჩინება).

7. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. ო-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმეზე უნდა გავრცელდეს ამ კოდექსის ნორმები.

8. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 31 მაისის განაჩენი ბ. ო-ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო შუამდგომლობა (რომლის გასაჩივრების პროცედურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს), 2017 წლის 5 ივნისს კი განიხილა და გამოიტანა განაჩენი, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

9. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ბ. ო-ს მიმართ საქმე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემდეგ უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი გამოიტანა ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს გარემოება, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე, 570-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გააუქმოს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნოს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

11. გარდა ამისა, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, საკასაციო პალატა საქმეს იხილავს ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე და მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას მსჯავრდებულისთვის სასიკეთო შედეგი არ მოჰყვება, არამედ ეს იქნება სასამართლო რესურსების უსაფუძვლო ხარჯვა, ვინაიდან მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მოთხოვნას არა აქვს დაკმაყოფილების პერსპექტივა შემდეგი გარემოებების გამო:

12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 12 ივნისს მიღებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომლის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს, ხოლო ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1990 წლის 10 მაისს დაბადებულმა ბ. ო-ა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2006 წლის პირველ ოქტომბერს - არასრულწლოვანმა, 16 წლის ასაკში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ. ო-ს ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები და პროცედურები არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის ნორმებს და არ ზღუდავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ასევე, არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს მსჯავრდებულ ბ. ო-ს დაუსწრებლად მისივე საქმის განხილვა, კერძოდ: ამ კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდის“.

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას არასრულწლოვნის მიერ სასჯელის მოხდისგან თავის არიდების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყოველი ქცევის მომწესრიგებელ ნორმებს, რის გამოც გამორიცხული არ არის კოდექსის ნორმათა სხვა ნორმატიულ აქტებთან მიმართებით სისტემური წაკითხვის შესაძლებლობა. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც (განსახილველ შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი: ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავდრებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან), თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება არ წარმოადგენს კოდექსის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო დებულებას, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია მხოლოდ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სპეციფიკური ვადები, ხოლო, ვინაიდან ვადის დინების განსხვავებული წესი ან ვადის დინების შეჩერების აკრძალვა ამავე კოდექსით მოწესრიგებული არ არის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის №558აპ-16 განჩინება).

15. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი ბ. ო-ს არ მოუხდია, მან თავი აარიდა სასჯელის მოხდას, რის გამოც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდა. ამდენად, არსებული მდგომარეობით, ბ. ო-ს მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულია და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მას უფლება აქვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განაჩენი გაასაჩივროს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 5 ივნისის განაჩენით საქმის გარემოებები, მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მოთხოვნის ნაწილში, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

16. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მოთხოვნები იმავე საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რაზეც უთითებს საკასაციო სასამართლო, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების რეალური საფუძველი და ეს იქნება მხოლოდ ფორმალური ხასიათის პროცედურა.

17. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოთხოვნებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შინაარსის შუამდგომლობით მას არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ეს მოთხოვნა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ო-ს ადვოკატ ო. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ბ. ალავიძე