ას-507-818-09 6 ივლისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ნ.F გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 2 ივლისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს კუთვნილი პირუტყვის დაბრუნების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ქ-მა მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის ოქტომბერში ნ. გ-მა წაიყვანა 1200 ლარად ღირებული მისი კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი. რამდენადაც პირუტყვი მოპასუხის უკანონო მფლობელობაში იმყოფებოდა, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გააჩნდა მისი გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი (ტომი I, ს.ფ. 2-12).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მოცემული სამოქალაქო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 46).
საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეცვალა სარჩელის მოთხოვნა და პირუტყვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაცვლად მოითხოვა მოპასუხისათვის პირუტყვის ღირებულების _ 1180 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 67-68).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1180 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ აღიარა, რომ მას მოსარჩელისაგან ნაყიდი სამი პირუტყვის საფასურად უნდა გადაეხადა 3 600 ლარის ოდენობით თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი, პირუტყვის საფასურის სრულად გადახდის შესახებ, უნდა დადასტურებულიყო მოპასუხის მიერ. მას არანაირი მტკიცებულება მოსარჩელისათვის 3 600 ლარის გადახდის თაობაზე არ წარუდგენია.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის აღიარება მოპასუხის მიერ მის სასარგებლოდ 2 420 ლარის გადახდის შესახებ ადასტურებდა მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც მოთხოვნა დარჩენილი თანხის (1 180 ლარის) მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი I, ს.ფ. 96-100).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 116-124).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 16 აპრილს, 5.00 საათზე (ტომი II, ს.ფ. 26-27).
2009 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა საქმის სხვა დროისათვის გადადება იმ მოტივით, რომ შეიცვალა ადვოკატი (ტომი II, ს.ფ. 38). 2009 წლის 16 აპრილს სააპელაციო სასამართლოში ასევე წარადგინა შუამდგომლობა ნ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მ საქმის განხილვის გადადების თხოვნით. აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებული იყო იმით, რომ ნ. გ-ე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის სხდომაზე თავისი მარწმუნებლის ინტერესების დაცვას ვერ ახერხებდა, რის გამოც აპელანტს, რომელსაც სამართლებრივი განათლება არ გააჩნდა, სჭირდებოდა დრო ახალი წარმომადგენლის ასაყვანად (ტომი II, ს.ფ. 37).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აპელანტს ეცნობა სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის მიუხედავად მას სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.
განჩინების სამართლებრივ საფუძვლად დასახელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი), ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული (ტომი 2, ს.ფ. 39-41).
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან და მისმა რწმუნებულმა წარადგინეს განცხადება საქმის გადადების თხოვნით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმში არ დაფიქსირებულა. სასამართლომ ისე მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომ მასზე არ უმსჯელია (ტომი II, ს.ფ. 47-49).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინება, ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. გ-ის საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 16 აპრილს, 15.00 საათზე (ტომი II, ს.ფ. 26-27). 2009 წლის 15 აპრილს ნ. გ-მა ამავე სასამართლოში წარდგენილი განცხადებით იშუამდგომლა დანიშნული სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადება. 2009 წლის 16 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმაც (ტომი II, ს.ფ. 38,37).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა დანიშნული სხდომის გადადების მიზანშეწონილობაზე, რათა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო წარმომადგენლის მეშვეობით მხარის უფლების დაცვის შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავად მარწმუნებლის (ნ. გ-ი) სურვილიც თავისი უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა არსებითი საპროცესო უფლებაა სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, რაც ასევე გულისხმობს ამ შუამდგომლობების განხილვის, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ შუამდგომლობაზე უარის თქმის მოტივების ცოდნის უფლებასაც.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საქმის განხილვის გადადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე მსჯელობის გარეშე გადაეწყვიტა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი და არ გამოერკვია, არსებობდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.