Facebook Twitter

ას-507-854-07 3 ოქრომბერი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ დ. გ-ე, ც. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე –იმერეთის ... ბიუროს საჩხერის რაიონის წარმომადგენლები ნ. მ-ე, გ. გ-ე და ა. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. გ-მ და ც. გ-მ სარჩელი აღძრეს საჩხერის რაიონულ სასამართლში იმერეთის ... ბიუროს საჩხერის რაიონის წარმომადგენლის, ნ. მ-ის, გ. გ-ისა და ა. ც-ს წინააღმდეგ და მოითხოვეს კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ საქმე განსჯადობით გადასცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდნენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ც. გ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა დაჩადაღებულ ნივთებზე მათი საკუთრება.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომელთაც სასამართლო უწყება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მათი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა გ. გ-მ და ა. ც-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს გამოუცხადებელ მხარეთა მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დ. გ-მ და ც. გ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე ისინი არ ყოფილან მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ კი, სასამართლო სხდომის შესახებ უწყება არ მიუღიათ და საერთოდ დ. გ-ე ამ პერიოდისათვის არ იმყოფებოდა რაიონში, ხოლო ც. გ-მ კი იცოდა სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა დ. გ-ის და ც. გ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილდ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი აპელანტებს დ. გ-ს ც. გ-ს ჩაბარდათ 2007 წლის 5 მარტს (ს.ფ. 182-185).

საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2007 წლის 27 მარტს.

აპელანტების მიერ ფოსტის მეშვეობით საჩივარი გამოიგზავნა 2007 წლის 16 მარტს ( ს.ფ. 192).

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს დ. გ-ს და ც. გ-ს ფოსტის მეშვეობით საჩივრის გამოგზავნის მოთხოვნით უნდა მიემართად 2007 წლის 15 მარტის 24 საათამდე. მათ კი ფოსტის მეშვეობით საჩივრის გამოგზავნის მოთხოვნით მიმართეს 2007 წლის 16 მარტს, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მე-11 დღეს. შესაბამისად აპელანტებმა გაუშვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რის გამოც საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. და ც. გ-ებმა. მათი განმარტებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება საფოსტო განყოფილებაში შევიდა 2007 წლის 5 მარტს, ხოლო მათ ჩაბარდათ 2007 წლის 6 მარტს შესაბამისად საჩივარი წარდგენილი აქვთ კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ Yყოფილა გამოკვლეული .კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი დ. და ც. გ-ებს ჩაბარდათ 2007 წლის 5 მარტს (ს.ფ. 182-185).

საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემივიდა 2007 წლის 27 მარტს, ხოლო მათ მიერ ფოსტის მეშვეობით საჩივარი გამოიგზავნა 2007 წლის 16 მარტს ( ს.ფ. 192).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა, ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნილი მუხლიდან გამომდინარე საკასციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დ. და ც. გ-ებს საჩივრის გამოგზავნის მოთხოვნით ფოსტისათვის უნდა მიემართათ 2007 წლის 15 მარტს 24 საათამდე, ხოლო მათ საჩივარი გამოაგზავნეს 2007 წლის 16 მარტს ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მე-11 დღეს, შესაბამისად გაუშვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების განმარტებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარეს 2007 წლის 6 მარტს და მათ მიერ 10 დღიან ვადაში იქნა გამოგზავნილი საჩივარი, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა დ. და ც. გ-ების საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. და ც. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.