Facebook Twitter

ას-508-855-07 15 ოქტომბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის შემომტანი პირი – შპს “.. ..ს” დირექტორი ზ. ჭ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ა. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი, ე. რ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ .. ..” 2005 წლის იანვარში სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ე. რ-ს, გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს შპს “.. ..ს” საწყობიდან დაიტვირთა ავტომობილი მერსედეს “..., რომელიც ტვირთთან ერთად ჩაბარდათ მოპასუხეებს – შპს “.. ..ს” დარაჯებს ე. რ-სა და გ. გ-ს, რომელიც იდგა შპს “.. ..ს” ეზოში. დილით, სამსახურში გამოცხადებულმა ავტომანქანის მძღოლმა დ. ი-მა, რომელსაც საქონელი უნდა გაეტანა სარეალიზაციოდ აღმოაჩინა, რომ ავტომანქანის ბრეზენტის საფარი გადაჭრილი იყო და იქ იმ რაოდენობის საქონელი აღარ იყო, რა რაოდენობაც წინა დღეს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დარაჯი გ. გ-ი, ხოლო მეორე დარაჯი ე. რ-ი თვითნებურად იყო წასული მორიგეობიდან. ზემოთაღნიშნულის შემდეგ მოხდა ავტომობილზე დარჩენილი საქონლის აღრიცხვა და გამოირკვა, რომ მიყენებული ზიანი შეადგენდა 3960 ლარს, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, დარაჯების ე. რ-სა და გ. გ-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით იყო გამოწვეული.

მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეებმა დაარღვიეს შრომის კანონთა კოდექსის მე-4 მუხლის “ა” “ბ” და “დ” ქვეპუნქტები, არ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, არ გაუფრთხილდნენ საწარმოს ქონებას და შესაბამისად მათვე უნდა დაკისრებოდათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ს” სარჩელი მოპასუხე ე. რ-სა და გ. გ-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული საამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..ს” დირექტორმა ზ. ჭ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს “.. ..ს” დირექტორის ზ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..ს” წარმომადგენელმა ა. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან მისი განცხადებით ის სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა და ვერ გაარკვია, თუ რომელ დარბაზში იყო პროცესი, ასევე აღნიშნავს, რომ ამის დადასტურება შეუძლია მის მძღოლს ზ. ჯ-ს და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს ბ. გ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ შპს “.. ..ს” დირექტორის ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს “.. ..ს” დირექტორის ზ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე. შპს “.. ..ს” დირექტორი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ბ. გ-იც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მხარეები 13 სათზე გამოცხადდნენ სააპელაციო სასამართლოში. მან კერძო საჩივარს დაურთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული შპს “.. ..ს” წარმომადგენელი ა. ლ-ს სამივლინებო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი 2007 წლის 30 აპრილს მივლინებით იმყოფებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში; ასევე საქმეში წარმოდგენილია შპს “.. ..ს” მოწინააღმდეგე მხარე ვ.რ-ს და გ.გ-ს წარმომადგენელი ბ. გ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი სააპელაციო პალატის სხდომაზე მონაწილების მისაღებად გამოცხადდა სასამართლოში 2007 წლის 30 აპრილს 1300 საათამდე, შპს “.. ..ს” წარმომადგენელი ა. ლ-ც გამოცხადებული იყო სასამართლოში, მაგრამ პროცესზე არავის მიუწვევია, შემდეგ კი განუცხადეს, რომ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო მათ საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე შპს “.. ..ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “.. ..ს” დირექტორის ზ. ჭ-ის კერძო საჩივრი დასაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს “.. ..ს” დირექტორის ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.