Facebook Twitter

ას-511-858-07 1 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. გ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. და რ. გ-ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდროდან რეალური წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ რ. და ნ. გ-ების მიმართ სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი 1/3 რეალური წილის გამოყოფის ან მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მ. გ-ს გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ნოტარიუსისაგან მიიღო სამკვიდრო მოწმობა მამის ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ს გამოეყო ქ.ბათუმში, ... ქ.¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 რეალური წილი, ასევე მიეკუთვნა მოძრავი ქონება ან მისი ღირებულება 633 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას ნ. გ-მ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილება ნ. გ-ს სარჩელი მ. და რ. გ-ების მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ.¹23-ში მდებარე მ.გ-ს სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, 1/2 წილის გამოყოფისა და სამკვიდრო ქონებაზე გაცემული მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნული დავის განხილვის შედეგს კი შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ნ. გ-ს შუადგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე რ. და ნ. გ-ების სააპელაციო საჩივრის განხილვა, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹23-ში მდებარე სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის, მთლიანი ქონების ნაწილის მიკუთვნებისა და მ. გ-ს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე მოპასუხეების _ მ. და რ. გ-ების მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ნ. გ-ს სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა მამის სამკვიდროდან წილის გამოყოფის შესახებ ემყარება ნოტარიუსის მიერ მის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და მასში დაფიქსირებულ ქონების წილობრივ მონაცემებს, რომელიც ნ. გ-ს სარჩელით სადავოდაა გამხდარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტითა და 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სადავო სახლთმფლობელობაში თანამესაკუთრეთა წილის ოდენობის გადაწყვეტამდე, წარმოდგენილი დავის განხილვა შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-ს წარმომადგენელმა დ. ხ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. გ-ს მოთხოვნის საფუძველს სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული მოწმობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რომლის ამონაწერსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რადგან ნ. გ-ს მიერ სარჩელის შეტანა მოცემული საქმის განხილვას ხელს ვერ შეუშლის დავათა განსხვავებული ფაქტობრივი საფუძვლების გამო. ამასთან, ნ.გ-ს მოთხოვნა დასაბუთებული რომ ყოფილიყო, იგი, ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შეიტანდა შეგებებულ სარჩელს, რაც არ განუხორციელებია. ასევე აღსანიშნავია, რომ ნ. გ-მ დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მისი მოთხოვნა სამკვიდროდან 1/2-ის გამოყოფის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ემსახურება დროის გაყვანას და მოცემული დავის განხილვის გაჭიანურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. გ-სა და მის წარმომადგენელ დ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის წარმოებას შეაჩერებს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდება ისეთი სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წარმოების შესახებ, რომლის შედეგიც არსებით ზეგავლენას იქონიებს განსახილველი საქმის სამართლებრივ ბედზე. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს, რომ 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოხსენებული ნორმები, როდესაც მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა, კერძოდ:

განსახილველ შემთხვევაში მ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნაა მამის დანაშთი ქონებიდან სამკვიდრო მოწმობით მისთვის მიკუთვნებული 1/3 რეალური წილის გამოყოფა. საქმის მასალებში კი წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განჩინება ნ. გ-ს სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და სარჩელი, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის მ. გ-ს დანაშთ ქონებაზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობას და ითხოვს სამკვიდროს 1/2-ის მესაკუთრედ ცნობას.

ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო ქონებაში მხარეთა თანასაკუთრების წილის ოდენობის განსაზღვრამდე შეუძლებელია ამ წილების რეალურად გამოყოფის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად შეაჩერა მოცემული საქმის წარმოება ნ. გ-ს სარჩელზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად აღნიშნული საპროცესო მოქმედება სასამართლოს არა უფლებას, არამედ მოვალეობას წარმოადგენს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას ნ. გ-ს სასარჩელო განცხადების დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის ვადის დარღვევის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული საკითხები განეკუთვნება ნ. გ-ს სარჩელის განმხვილველი სასამართლოს განხილვის კომპეტენციას და აღნიშნული არგუმენტები კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-სა და მის წარმომადგენელ დ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.