¹ას-511-895-06 22 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ს-ე
წარმომადგენელი – გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სატრანსპორტო ჭიშკრის მოშლა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვა ან მისი ღირებულების 56 ლარის დაკისრება და გზით სარგებლობის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს მოშალოს თვითნებურად გაკეთებული სატრანსპორტო ჭიშკარი, აღადგინოს სასაზღვრო მიჯნა ან გადაიხადოს აღდგენის ხარჯები _ 322 ლარის ოდენობით, ასევე აეკრძალოს მისი საკარმიდამო ნაკვეთის გზად გამოყენება. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე.
მოპასუხე მისი მაზლის ცოლი და მომიჯნავე მეზობელია. მან ორი წლის წინ თვითნებურად მოშალა საკარმიდამო ნაკვეთების ურთიერთგამყოფი 18,85 მეტრი სიგრძის სასაზღვრო მიჯნა, მოაწყო სატრანსპორტო ჭიშკარი და მიწის ნაკვეთი გამოიყენა თავის საკარმიდამო ნაკვეთამდე მოსავლელ გზად, მაშინ როცა მის ნაკვეთს გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან.
ე. ს-ე თავის შესაგებელში არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადის სადავო გზა ეკუთვნის არა მოსარჩელე ლ. ჯ-ს, არამედ მის შვილს რ. ს-ს, რომელიც საჯარო რეესტრში არასწორად არის აღრიცხული მოსარჩელის სახელზე. რაც შეეხება 18,85 სიგრძის სასაზღვრო მიჯნას, (ღობეს) მოპასუხის განმარტებით, მავთულღობე 1968 წელს გააკეთა მისმა მეუღლემ რ. ს-მ, ის არავის დაუზიანებია და დღემდე ადგილზეა. ამიტომ სარჩელს ღობის აღდგენის თაობაზე არ ეთანხმება. რაც შეეხება ამ მავთულბადეში დატანებულ სატრანსპორტო ჭიშკარს, მოპასუხის განმარტებით იგი გააკეთეს არა ორი წლის წინ, არამედ 1979 წელს, რადგან აღნიშნულ წელს კოლმეურნეობამ სარგებლობაში გადასცა თუთის პლანტაცია. ამ ნაკვეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა კი ჯ. ს-ს (ლ. ჯ-ის მეუღლის) საკარმიდამო ნაკვეთში გადიოდა, ამიტომ ძმების ჯ. და რ. ს-ის ურთიერთშეთანხმებით, ამ ნაკვეთამდე მისასვლელად იყენებდნენ მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთს და იგი წარმოადგენდა აუცილებელ გზას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთზე გამავალი გზა არის აუცილებელი გზა და მას უფლება არა აქვს აუკრძალოს მას ამ გზით სარგებლობა.
გარდა აღნიშნულისა მოსარჩელე თვლის, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან იგი სადაო გზით 35 წელია სარგებლობს.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი ე. ს-ის მიმართ სატრანსპორტო ჭიშკრის მოშლა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვის ან მისი ღირებულების 56 ლარის დაკისრების და გზით სარგებლობის აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ის წარმომადგენელმა ლ. ჯ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული რ. ს-ის წარმომადგენლის ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილ 1000 ლარს.
სააპელაციომ სასამართლოს მითითებით, მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 8 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე, ხოლო ამავე მუხლის ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3%-ს. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, მხარემ დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 240 ლარით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ს-ის წარმომადგენელმა გ. ნ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ითხოვდა მოპასუხე ე. ს-ს დაკისრებოდა მათი ნაკვეთების ურთიერთგამმიჯნავ საზღვარზე მოპასუხის მიერ უკანონოდ მოწყობილი სატრანსპორტო ჭიშკრის მოშლა, დაზიანებული სასაზღვრო მიჯნის 4 მეტრის სიგრძის ფოლადის მავთულბადის გაბმის გზით აღდგენა ან ღობის აღდგენის ღირებულების 56 ლარის დაკისრება და მოპასუხისათვის მისი საკარმიდამო ნაკვეთის სასიარულო გზად გამოყენების აკრძალვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არის არა 56 ლარი, როგორც მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, არამედ, დავის საგანი არის მოპასუხე ე. ს-ის მიერ უკანონოდ მოწყობილი მეორე სატრანსპორტო ჭიშკრის მოშლა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის მოპასუხის მიერ უკანონოდ თავისი მიზნებისათვის სასიარულო გზად გამოყენება-სარგებლობის აკრძალვა, ხოლო ხსენებული 56 ლარი არის მხოლოდ სასაზღვრე მიჯნის აღმართვისათვის გასაწევი თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
იმ დროისთვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე, ხოლო ამავე მუხლის ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3%-ს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარემ სახელმწიფო ბაჟის სახით 8 ლარის გადახდით დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 240 ლარით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებითი გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება. საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა მათი ნაკვეთების ურთიერთგამმიჯნავ საზღვარზე მოპასუხის მიერ უკანონოდ მოწყობილი სატრანსპორტო ჭიშკრის მოშლას, დაზიანებული სასაზღვრო მიჯნის 4 მეტრი სიგრძის ფოლადის მავთულბადის გაბმის გზით აღდგენას ან ღობის აღდგენის ღირებულების 56 ლარის დაკისრებას და მოპასუხისათვის მისი საკარმიდამო ნაკვეთის სასიარულო გზად გამოყენების აკრძალვას. ასეთ შემთხვევაში, თუ მხარემ არასწორად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც ნიშნავს იმას, რომ მან არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, მოსამართლე ვალდებულია თავად განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება და მისცეს ხარვეზის შესავსებად ვადა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და მოეთხოვა მხარისათვის შესაბამისი ბაჟის გადახდა და მხოლოდ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში დაუტოვა განუხილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-ის წარმომადგენელის გ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.