¹ას-51-404-07 D19 აპრილი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 9 სექტემბერს მ. მ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და ანდერძით სამკვიდროს მიღების შესახებ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებასა და სამკვიდროს მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი ნა. მ-ის ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2006 წლის 7 ნოემბერს მ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ს განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 150 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განცხადება დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დროულად ხარვეზის შევსება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე _ თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია შეადგენს 100 ლარს, ხოლო ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე _ 50 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამავე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს (ს.ფ. 315), ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2006 წლის 22 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელმა ხარვეზი არ გამოასწორა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა ხარვეზის დროულად შევსება, რის გამოც აღნიშნული ვადის დარღვევა საპატიოდ უნდა იქნას მიჩნეული, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის ან განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე. დადგენილია, რომ განმცხადებელს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, არც ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ წარუდგენია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განცხადება სწორად დატოვა განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.