ას-52-386-09 2 თებერვალი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «გ.» დირექტორ ნ. მ-ელის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 2 მარტს შპს «გ.» დირექტორმა ნ. მ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე «ბ. პ. ე.,» «ს. კ. ი. ლ.» და შპს გ.» მიმართ აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების აკრძალვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «გურის» დირექტორმა ნ. მ-ელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
2007 წლის 17 ოქტომბერს შპს «გ.» დირექტორმა ნ. მ-ელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და შპს გურის» სააპელაციო საჩივზე საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «გ.» დირექტორმა ნ. მ-ელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «გ.» დირექტორ ნ. მ-ელის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს «გურის» დირექტორ ნ. მ-ელს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 29 დეკემბერს (ს.ფ.619), ხოლო კერძო საჩივარი მან შეიტანა 2008 წლის 22 დეკემბერს, ე.ი. გასაჩივრების 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «გ.» დირექტორ ნ. მ-ელის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.