Facebook Twitter

ას-524-757-08 16 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 25 მაისს, ქ. ე.-მ და ს. ბ.-მ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს, ფაქტობრივად ფლობის გამო, სამკვიდრო ქონების მიღებულად და წილის მოთხოვნის ვადის გადაცილების საპატიოდ ჩათვლა, ქ. და ც. ე.-ების და ს. ბ.-ის პირველი რიგის მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად ცნობა თბილისში, ...--ის ¹3-ში მდებარე ბინაზე და მოპასუხისათვის გასხვისებული ქონების მოსარჩელეების ხვედრითი 3/4 წილის ღირებულების _ 37500 ლარის გადახდის დაკისრება მათ სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ს. ბ.-ისა და ქ. ე.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ბ.-მა და ქ. ე.-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განჩინებით, ს. ბ.-ისა და ქ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ბ.-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმება და გასაჩივრების ვადის გადაცილების საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ იმყოფებოდა ავად, რის გამოც ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანა სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. ბ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ასლი ს. ბ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 23 აპრილს (ს.ფ. 120), ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2008 წლის 13 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2008 წლის 7 მაისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

მითითებული მუხლის თანახმად, კანონისმიერ ვადის აღდგენა დაუშვებელია თუ კანონი თვითონ კრძალავს ამას (369-ე, 397-ე, 416-ე მუხლები), მაგრამ თუ ეს აკრძალული არაა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს ვადა, თუ ამ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა (სსკ-ის 215-ე მუხლი)

კერძოO საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისი სააპელაციო საჩივრის შემოტანის ვადის დარღვევა 6 დღით გამოიწვია მისმა ავადმყოფობამ, იგი იმყოფებოდა ლოგინად ჩავარდნილ მდგომარეობაში, არ ჰქონდა სხვა პირთან დაკავშირების საშუალება, არც ადვოკატთან, რომელსაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი არ მიუღია, ვიდრე ერევნიდან არ ჩამოვიდა მისი ქალიშვილი. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ მოტივით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, კანონი თავად კრძალავს კანონისმიერი ვადის აღდგენას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ასლი ს. ბ.-ს ჩაბარდა 2008 წლის 23 აპრილს, მას აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაუგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.

ამდენად, ს. ბ.-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი მართებულად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ს. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.