Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-526-759-08 23 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ლ. ლ-იძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ვ. ა-შვილი, ნ. ა-აძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –პატივისა და ღირსების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ლ-იძემ მოპასუხეების ვ. ა-შვილის და ნ. ა-აძის მიმართ და მოითხოვა პატივისა და ღირსების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის გადაწყვეტილებით ლ. ლონდარიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლიანა ლონდარიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინებით ლ. ლონდარიძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატა 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით დაუდგინა ხარვეზი, ვინაიდან მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2 მუხლით დადგენილი წესით. პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ. ლ-იძეს დამატებით მიეცა 7 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

მხარის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, რის გამოც პალატამ ლ. ლ-იძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ლ-იძემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ლ. ლ-იძის კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით ლ. ლ-იძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ლ-იძის მიერ სრულად არ იქნა შევსებული სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შინაარსობრივად არ შეესაბამებოდა ზემოთმითითებულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

რაც შეეხება კერძო საჩივარს, მხარე კერძო საჩივარში არ მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივებზე და ვერ ასაბუთებს ისეთი საპატიო გარემოებების არსებობას, რამაც განაპირობა ხარვეზი სრულად შეუვსებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ ლ. ლ-იძის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოთხოვნების დარღვევას, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ლ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.