ბს-1054-636(კ-05) 16 თებერვალი, 2006წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
12.07.04წ. ც. ჩ-მა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან ბ. ხ-ის ოჯახისათვის 10წ. ხელფასის _ 13586 ლარის გადახდა, დაკრძალვის ხარჯების _ 5000 ლარის და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების _ 600 ლარის გადახდა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე _ ბ. ხ-ი მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს საზოგადოების წესრიგის დაცვის განყოფილების მე-8 სექტორის უფროს ინსპექტორად. 2003წ. 8-9 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მორიგეობისას, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად კუთვნილი ა/მანქანით შეეჯახა ქ. თბილისის მერიის წინა ფასადს, რაც მძიმე შედეგით დასრულდა _ ბ. ხ-ი გარდაიცვალა. საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციის 09.11.03წ. დასკვნით მას უარი ეთქვა კომპენსაციის სახით 10წ. ხელფასის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მომხდარი ავტოკატასტროფის გამოსაკვლევად 09.10.03წ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისი რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის 23.12.03წ. დადგენილებით გაირკვა, რომ 09.10.03წ. დილის 5 საათზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლები: ბ. ხ-ი, ი. კ-ი და ი. ს-ი იმყოფებოდნენ შემოვლის ჯგუფში ბ. ხ-ის კუთვნილი ა/მანქანით. ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ძებნილი ა/მანქანა, დაუკავშირდნენ სს სამძებროს უფროსს, რომლისგანაც მიიღეს თანხმობა თვალთვალზე და გაჰყვნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავ საეჭვო ა/მანქანას. თავისუფლების მოედანზე წრიულად მოძრაობისას ბ. ხ-ის ა/მანქანას გაუსკდა წინა მარჯვენა საბურავი, რაც გახდა ავტოავარიის მიზეზი. ქ. თბილისის მერიის შენობაზე შეჯახებისას ბ. ხ-ი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენმა თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.10.04წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 09.10.03წ. პოლიციის ლეიტენანტ ბ. ხ-ის გარდაცვალების და ინსპექტორების ი. კ-ისა და ი. ს-ის სხეულის დაზიანებების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის პირველი პუნქტი, მოპასუხე შსს-ს ც. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10წ. ხელფასის _ 5259,60 ლარის ერთდროული კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯების _ 2000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის დადგენილებაში მითითებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹628 დასკვნის თანახმად, ბ. ხ-ის სისხლში აღმოჩნდა ერთი მთელი პრომილი ეთილის სპირტი, რაც ადასტურებს ზემოაღნიშნული შემთხვევის დროს ბ. ხ-ის მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტს. ამასთან, ბ. ხ-ი ა/მანქანას მართავდა მინდობილობის გარეშე, რითაც უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მოთხოვნა.
აპელანტმა მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უფროსი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოხელეს ჩამოაშორებს სამსახურს მოცემული სამუშაო დღის განმავოლობაში. ამდენად, ბ. ხ-ი სამსახურებრივ მდგომარეობას ასრულებდა ნასვამ მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნიდა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მის გვერდით მყოფთ, ასევე, მას შეეძლო დაეზიანებინა ნებისმიერი მშვიდობიანი მოქალაქე. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედება უნდა ჩაითვალოს არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად არაუფლებამოსილი პირის მიერ.
აპელანტმა აღნიშნა, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10წ. ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამდენად, სახელმწიფოში ამ შემთხვევაში მოიაზრება ფინანსთა სამინისტრო, ვინაიდან ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, რის გამო თანხის დაკისრების შემთხვევაში თანხა ფინანსთა სამინისტრომ უნდა აანაზღაუროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.06.05წ. განჩინებით საქართველოს შსს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 25.11.04წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, ბ. ხ-ი ავარიის დროს იმყოფებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 90-ე მუხლის თანახმად, უფროსი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოხელეს ჩამოაშორებს სამსახურს მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში, ბ. ხ-ი 09.10.03წ. მის ხელმძღვანელს არ ჩამოუშორებია სამსახურისათვის.Pპირიქით, რადიოკავშირის მეშვეობით თანხმობა მისცა საეჭვო ა/მანქანის თვალთვალზე. გენერალური ინსპექციის 09.11.03წ. დასკვნის და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის 30.12.03წ. დადგენილების შესაბამისად, სამივე თანამშრომელი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გენერალური ინსპექციის დასკვნის პირველი პუნქტი ბათილად უნდა ჩაითვალოს, რადგან აღნიშნულ დასკვნაში არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ დადგინდა, რომ ბ. ხ-ის გარდაცვალება არ უნდა ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად. ასევე დადასტურებულია, რომ ავარია მოხდა არა ბ. ხ-ის სიმთვრალის, არამედ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის დარღვევა ვერ იმოქმედებდა ბ. ხ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არშესრულების ფაქტის დადგენაზე, ვინაიდან თავისი შინაარსით ის არეგულირებს სულ სხვა ურთიერთობებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან ბ. ხ-ი სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა არა ფინანსთა სამინისტროსთან, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება ფინანსთა სამინისტროსთვის თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
აღნიშნული განჩინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹628 დასკვნის თანახმად, რომელზეც მითითებულია თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის დადგენილებაში, ბ. ხ-ის სისხლში აღმოჩნდა ერთი მთელი პრომილი ეთილის სპირტი, რაც ადასტურებს ზემოაღნიშნული შემთხვევის დროს ბ. ხ-ის მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტს. ამასთან, ხ-ი ა/მანქანას მართავდა მინდობილობის გარეშე, რითაც უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორი მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უფროსი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოხელეს ჩამოაშორებს სამსახურს მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში. ბ. ხ-ი სამსახურებრივ მდგომარეობას ასრულებდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი ქმედება უნდა ჩაითვალოს არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით, კერძოდ, საქმეში არსებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის 30.12.03წ. დადგენილებით ირკვევა, რომ 09.10.03წ. დილის 5 საათზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლები: ბ. ხ-ი, ი. კ-ი და ი. ს-ი იმყოფებოდნენ შემოვლის ჯგუფში ბ. ხ-ის კუთვნილი ავტომანქანით. ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ძებნილი ა/მანქანა, დაუკავშირდნენ სს სამძებროს უფროსს, რომლისგანაც მიიღეს თანხმობა თვალთვალზე და გაჰყვნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავ საეჭვო ავტომანქანას. თავისუფლების მოედანზე წრიულად მოძრაობისას ბ. ხ-ის ავტომანქანას გაუსკდა წინა მარჯვენა საბურავი, რაც გახდა ავტოავარიის მიზეზი. ქ. თბილისის მერიის შენობაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ბ. ხ-ი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენმა თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომანქანა “ბმვ”-ს წინა მარცხენა და მარჯვენა გვერდით ნაწილზე აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, რომლებიც განვითარებულია ბლაგვ, მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტით. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა თვალის საბურავში არსებული გამჭოლი დაზიანება მოხდა გახეთქვის შინაგანი წნევის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე (კედელზე შეჯახებამდე). საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლს _ ბ. ხ-ს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მერიის შენობის კედელზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ მომხდარა. კანონიერ ძალაში მყოფ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ 30.12.03წ. დადგენილებით ირკვევა, რომ ბ. ხ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუსკდა წინა მარჯვენა საბურავი, რის შემდეგ ბ. ხ-მა ვერ დაიმორჩილა ავტომანქანის საჭე, ავტომანქანამ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და დაეჯახა ქ. თბილისის მერიის შენობას. ამდენად, დადგენილია, რომ ბ. ხ-ს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენდა შეჯახების მიზეზს. საფუძველსმოკლებულია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ბ. ხ-მა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის დარღვევა ვერ იმოქმედებდა ბ. ხ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადგენაზე, ვინაიდან თავისი შინაარსით ხსენებული ნორმა სულ სხვა ურთიერთობებს აწესრიგებს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბ. ხ-ის ქმედება უნდა ჩაითვალოს არაუფლებამოსილი პირის მიერ არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს სამძებროს უფროსმა ბ. ხ-ს და მის ორ კოლეგას: ი. კ-ს და ი. ს-ს რადიოკავშირის მეშვეობით თანხმობა მისცა საეჭვო ავტომანქანის თვალთვალზე. გენერალური ინსპექციის 09.11.03წ. დასკვნის და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის 30.12.03წ. დადგენილების შესაბამისად, სამივე თანამშრომელი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამდენად, ბ. ხ-ი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10წ. ხელფასის ოდენობით, დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილებანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით თავისთავად არ ქმნის თანხის გადახდის ვალდებულებას. ვინაიდან ბ. ხ-ი სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა არა ფინანსთა სამინისტროსათან, არამედ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თანხის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, სააპელაციო პალატის 01.06.05წ. განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.06.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.