Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №319აპ-17 ქ. თბილისი

ს-ე ი, 319აპ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის - სტაჟიორ პროკურორ გიორგი ავალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ს-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ-ს რაიონის სოფელ ქვედა ს-ი მცხოვრებმა ი. ს-მ, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა 24,597 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, საიდანაც 2015 წლის 21 იანვარს თ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი 8,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ უკანონოდ გაასაღა გ. ნ-ე, ხოლო დანარჩენი – 16,247 გრამი, ასევე უკანონოდ შეინახა თ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი მდებარე საკუთარ სახლში, ასევე თავის ქურთუკსა და პერანგის ჯიბეებში. 2015 წლის 21 იანვარს ი. ს-ს პირადი ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 16,247 გრამის ოდენობით, ამოიღეს თ-ს შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.

ი. ს-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ინგლისური წარმოების „ლი-ენფილდის“ სისტემის ”Mk-III” მოდელის №.... ლულა და კონდახგადაჭრილი შაშხანა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში. 2015 წლის 21 იანვარს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს თ-ს შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა ი. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ი. ს-ე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკების გასაღების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში.

ი. ს-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

გაუქმდა ი. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით რ. ს-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №....) დადებული ყადაღა.

ი. ს-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენით მსჯავრდებულ ი. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი მცხოვრებმა ი. ს-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა 16.247 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა თ-ს რაიონის სოფელ ქ. ს-ი მდებარე საკუთარ სახლში და პირადად - ქურთუკისა და პერანგის ჯიბეებში.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი ავალიშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი უტყუარად დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ი. ს-ს ჩვენებით, მოწმეების - უ. გ-ს, ე. პ-ა და გ. ხ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის N.../სქ დასკვნით.

რაც შეეხება ი. ს-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ი. ს-ს მიერ გ. ნ-ე 8.35 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანის“ გასაღების ფაქტი, კერძოდ:

ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში ბრალდება ძირითადად ეყრდნობა მოწმე გ. ნ-ს ჩვენებას, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიუთითა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ი. ს-მ მისცა, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2015 წლის 21 იანვარს, მივიდა ი. ს-ს საცხოვრებელ სახლში და პირადი მოხმარების მიზნით სთხოვა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რაზედაც ი. ს-მ უსაყვედურა, მაგრამ მისცა თუ არა მან ნარკოტიკული საშუალება, არ ახსოვს. იმ დღეს, დილით, როდესაც ადგა და სახლიდან გამოვიდა, მოხმარებული ჰქონდა მარიხუანა და შემდეგ ე.წ. ბირჟაზე, ბიჭებთან ერთადაც მოიხმარა. ი. ს-ს სახლიდან წამოსულს დაახლოებით ორ კილომეტრში შეხვდა შ. რ-ე ავტომანქანით, რომელსაც ახლდნენ გ. და ნ. რ-ი. იგი მათ სიგარეტის საყიდლად გაჰყვა მაღაზიამდე, სადაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მისივე განმარტებით, ი. ს-ს სახლიდან წამოსვლის შემდეგ, რ-ს ნახვამდე, გზაში არავინ შეხვედრია და არც რ-ს მიუციათ მისთვის რაიმე. ი. ს-ს სახლში მისვლამდე მისცა თუ არა ვინმემ „მარიხუანა“ ან ჰქონდა თუ არა თვითონ ჯიბეში, არ ახსოვს. არც ის ახსოვს, ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად მისცა თუ არა ი. ს-მ, ვინაიდან, არის „მარიხუანის“ აქტიური მომხმარებელი, რის გამოც პრობლემები აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, მოწმე გ. ნ-ე თავადაც ვერ მიუთითებს დანამდვილებით, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ი. ს-მ მისცა, ხოლო სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ი. ს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც სასამართლოში გამოკვლეულა.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გ. ნ-ს პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების - გ. მ-ს, ლ. ჭ-ა და გ. ხ-ს ჩვენებების ის ნაწილი, რომელშიც ისინი გადმოსცემენ გ. ნ-ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას რამდენიმე წუთით ადრე მისცა ი. ს-მ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ი. ს-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და გ. ნ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარეული მასა წარმოადგენს ერთ და იმავე ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ „მარიხუანას“, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ი. ს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ი. ს-ს მიერ გ. ნ-ე ნარკოტიკული საშუალების გასაღება და მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმე გ. ნ-ს ჩვენება, როდესაც საქმეში არ არსებობს ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისი ჩვენების უტყუარობის შემოწმების საშუალებას მისცემდა, არ არის საკმარისი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ს-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს, კერძოდ: საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - უ. გ-ს, ე. პ-ა და გ. ხ-ს ჩვენებებით, ასევე ი. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №..ბ დასკვნითა და ექსპერტ გ. შ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ თ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ი. ს-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი - ინგლისური წარმოების „ლი-ენფილდის“ სისტემის ”Mk-III” მოდელის №.. ლულა და კონდახგადაჭრილი შაშხანა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა დაედასტურებინა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ი. ს-მ შეიძინა და შეინახა თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და შეინახა ი. ს-მ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ სახლში, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, ი. ს-ს გარდა სხვა პირებიც, მათ შორის მისი ამჟამად პატიმრობაში მყოფი ძმაც, ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ი. ს-მ შეიძინა და შეინახა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. ს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტები არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბრალდების ამ ეპიზოდებში მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი ავალიშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში) და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის) და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ი. ს-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკების გასაღების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების თაობაზე და უთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ი. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ - პროკურორ გიორგი ავალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი