საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-5-291-08 17 მარტი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ხ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ფ-ური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ფ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-შვილის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 6 ოქტომბერს მხარეთა შორის სანოტარო წესით დამოწმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ.ხუციშვილმა მოსარჩელისაგან ერთი წლის ვადით უპროცენტოდ ისესხა 9100 აშშ დოლარი. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც ძირითადი თანხის გარდა უნდა დაეკისროს 2005 წლის 7 ოქტომბრიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად კანონით განსაზღვრული 2%-ის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და საქმეში წარმოდგენილ გარიგებაზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ხ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა 9100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის _ ძირითადი თანხის 2%-ის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2005 წლის 7 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც მ. ხ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დრო სახელმწიფო ბაჟის _ 626 აშშ დოლარის გადასახდელად. მ.ხუციშვილმა გადაიხადა მხოლოდ 600 ლარი, რის გამოც მას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა და დაევალა დარჩენილი თანხის გადახდა. ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება მ.ხუციშვილს ჩაბარდა 2007 წლის 14 ნოემბერს, 20 ნოემბერს კი მხარემ წარადგინა 2007 წლის 19 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის ჩარიცხვის ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი პალატის მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოში დროულად არ წარადგინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ხ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მ.ხუციშვილმა სახელმწიფო ბაჟი დროულად _ 2007 წლის 19 ნოემბერს გადაიხადა, თუმცა სასამართლოში ქვითრის წარდგენა იმავე დღეს ვერ მოახერხა, რადგან არტერიული წნევის მომატების გამო შეუძლოდ გახდა. აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებენ მისი მეზობლებიც. ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს არ ჩაბარებია, რის გამოც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები.
უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აპელანტს ხარვეზის განჩინება 2007 წლის 14 ნოემბერს ჩაბარდა. მ.ხუციშვილმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიმართა ამავე წლის 20 ნოემბერს და წარდგინა 2007 წლის 19 ნოემბერს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო თავისი განჩინებით ზუსტად განუსაზღვრავს აპელანტს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც მოცემული ხარვეზის გამოსასწორებლად აუცილებელია და აღნიშნულისათვის უდგენს გარკვეულ ვადას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებით აპელანტ მ. ხ-შვილს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მითითებული ვადა ამოიწურა 2007 წლის 19 ნოემბერს. საქმის მასალებით წარმოდგენილი საბანკო ქვითრით დასტურდება, რომ აპელანტმა შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში _ 19 ნოემბერს გადაიხადა, თუმცა იგი სასამართლოში არ წარუდგენია.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ხარვეზის განჩინება ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდას და ამავე ვადაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენის ვალდებულებაზე არ მიუთითებდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხარვეზის განჩინება არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა, უსაფუძვლოა იმის მითითება, რომ მხარემ სასამართლოს მოთხოვნა დროულად არ შეასრულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.