Facebook Twitter

ას-529-912-06 15 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ე, ლ. ც-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ც-ისა და ა. გ-ის წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეების პირუტყვმა დააზიანა მისი კუთვნილი ვენახის ბაღი ისე, რომ მისი ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია. მოპასუხეების პირუტყვისაგან მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 400 ლარი.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, ხოლო ლ. ც-ს – 100 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ა. გ-მ და ლ. ც-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 400 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ. ც-მ და ა. გ-მ. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულია ისეთი გარემოებები, რაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. ც-ისა და ა. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, ხოლო ლ. ც-ს – 100 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ. ც-მ და ა. გ-მ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებას შეადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 400 ლარი.

საკასაციო სასამართლოს აზრით, კერძო საჩივარის ავტორებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რაც შეიძლება სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. კერძო საჩივრის ავტორები დავის საგნის ღირებულებაზე საერთოდ არ მიუთითებენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ც-ისა და ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ც-ისა და ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.