საქმე №ას-530-874-07 4 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ქ-იევა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ. გ-ლაძე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ქ-იძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-იევამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ქ-იძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის _ 800 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის, სულ _ 3360 აშშ დოლარის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-იევას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ქ-იძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 800 აშშ დოლარისა და პროცენტის _ 1232 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც ა. ქ-იევამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მაისს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს გაეგზავნათ. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ ა. ქ-იევას სასამართლო უწყება არ ჩაბარდა, ვინაიდან ადრესატი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქ.ვლადიკავკაზში. უწყება არ ჩაბარდა არც კ. ქ-იძეს, რადგან საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე, სოფლად. სასამართლო უწყების მ.გოგოლაძისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ა. ქ-იევას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ მხარეებს სასამართლო უწყებები კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, თუმცა ისინი სასამართლოსათვის უცნობი მიზეზით საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ქ-იევას წარმომადგენელმა მ. გ-ლაძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად მიუთითა, რომ აპელანტ მხარეს სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან არც ა.ქ-ას და არც მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმის განხილვის თარიღის შეტყობის შემთხვევაში მხარე უთუოდ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, რადგან სააპელაციო საჩივრის განხილვა მის ინტერესებში შედიოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ა. ქ-იევას წარმომადგენელ მ. გ-ლაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ა. ქ-იევას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მაისს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნათ.
საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო კონვერტზე დართული აქტების თანახმად, საქმეში მითითებულ მისამართზე მხარეები არ ცხოვრობენ, კერძოდ, ა.ქისიევა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქ.ვლადიკავკაზში, კ.ქ-ძე კი ცხოვრობს სხვა მისამართზე, სოფლად. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მანამდე ერთხელ უკვე გადადო იმ მიზეზით, რომ მხარეებს, მათ შორის, აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებები საქმეში მითითებულ მისამართზე ვერ ბარდებოდათ, კერძოდ, საფოსტო განყოფილების თანამშრომელთა მითითებით, ა.ქისიევა ხანგრძლივი ვადით იმყოფებოდა ქ.ვლადიკავკაზში (ს.ფ. 85), ხოლო მ.გ. საქმეში დაფიქსირებეულ მისამართზე არ ცხოვრობდა. (ს.ფ. 84)
სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ა.ქ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთათვის სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარებულად არასწორად ჩათვალა, ვინაიდან ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება. განსახილველ შემთხვევაში ა.ქ-სა და მის წარმომადგენელ მ.გ-ეს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებიათ, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყება მათთვის ჩაბარებულად ითვლება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ მხარეთათვის ჩაბარებულად ითვლება, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა.ქისიევას სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ხოლო განსახილველ კერძო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების რაიმე სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ქ-იევას წარმომადგენელ მ. გ-ლაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გოგიშვილი
მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი
მ. ცისკაძე