Facebook Twitter

ას-532-765-08 15 სექტემბერი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდმეწარმე «ს. შ-ი» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი .... სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სსიპ .... სააგენტომ მოპასუხე ინდმეწარმე «ს. შ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 936 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, შემდეგი საფუძვლებით:

2007 წლის 27 აგვისტოს .... სააგენტოსა და ინდმეწარმე «ს. შ-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში _ 2007 წლის 22 სექტემბრამდე, დაესრულებინა და სააგენტოსათვის გადაეცა თბილისში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ყოფილი ქორწინების სასახლის პროექტი. ხელშეკრულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო 2007 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს, ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა და განუმარტა, რომ თუ 15 ოქტომბრამდე არ წარადგენდა პროექტის საბოლოო ვარიანტს, ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის თანახმად, მოშლიდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას. ს. შ-მა 12 ოქტომბერს მოსარჩელეს წარუდგინა შენობის პროექტი, რომელიც არ იყო სრულყოფილი და არ პასუხობდა ხელშეკრულების მოთხოვნებს, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ მოპასუხეს პროექტზე საავტორო უფლება უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის. ამის მიუხედავად პროექტზე ხელს აწერდნენ: შპს «ი-ის» დირექტორი ვ. ძ-ა, ჯ. ვ-ე, კ-ე, კ-ა, შპს «ვ-ის» თანამშრომლები: კ-ე, ტ-ე, გ-ი და სხვა. თავად ს. შ-ის ხელმოწერა პროექტზე არ იყო, სუბკონტრაქტორების შესახებ მას მოსარჩელისათვის არ უცნობებია. გარდა ამისა, პროექტი იყო არასრული, იგი არ შეიცავდა ინფორმაციას ფასადის მოპირკეთების შესახებ, მასში გათვალისწინებული არ იყო ხარჯთაღრიცხვა, წარდგენილი იყო მხოლოდ კრებსითი ხარჯთაღრიცხვა და არა ლოკალური.

შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება (საავტორო ჰონორარი) შეადგენდა 13 000 ლარს. ამასთან, ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო გადააჭარბებდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 7%-ს (910 ლარს), მეორე მხარეს უფლება ჰქონდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. .... სააგენტომ უარი განაცხადა მოპასუხის მიერ წარდგენილ პროექტზე და 15 ოქტომბერს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით წერილობით მიმართა ს. შელესტოვს. მოპასუხეს მოთხოვნილი თანხა არ გადაუხდია, პირიქით, იგი ითხოვდა ჰონორარის _ 13 000 ლარის ანაზღაურებას (ს.ფ. 1-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ .... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდმეწარმე «ს. შ-ს» სსიპ .... სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 936 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა 100 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. შ-მა ხელშეკრულებითYდადგენილ ვადაში _ 22 სექტემბრამდე და არც დამატებით განსაზღვრულ ვადაში _ 15 ოქტომბრამდე მოსარჩელეს არ წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული პროექტი. მოსარჩელემ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და პირობებით _ დადგენილ ვადაში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რამდენადაც პირგასამტეხლოს ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 7%-ს. მოცემულ შემთხვევაში კი 936 ლარი წარმოადგენდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მინიმალურ ოდენობას, რაც ანაზღაურებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 101-109).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე «ს. შ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 115-124).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ინდმეწარმე «ს. შ-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი 936 ლარით იყო განსაზღვრული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდმეწარმე «ს. შ-ის» სააპელაციო საჩივარი კანონის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, არ იყო დასაშვები (ს.ფ. 133-134).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ ინდმეწარმე «ს. შ-მა» იმავე სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის _ 13 000 ლარისა და ჰონორარის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის ვალდებულების შესრულების ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ანაზღაურების მის სასარგებლოდ დაკისრება (ს.ფ. 141-151).

იმავდროულად, ინდმეწარმე «ს. შ-მა» სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა, შემდეგი მოტივებით:

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დავის საგნის ღირებულების განსაზღვრასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის დაკისრებულ 936 ლართან ერთად მხედველობაში უნდა მიეღო 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, რისი გადახდის ვალდებულებაც მასვე დაეკისრა, მით უფრო, როცა ს. შ-ი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე თანხასთან მიმართებაში ხდიდა სადავოდ.

გარდა ამისა, მხედველობაში იყო მისაღები ისიც, რომ დღეის მდგომარეობით ს. შელესტოვის მოთხოვნა არ უკავშირდებოდა მარტოოდენ საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას. ინდმეწარმე «ს. შ-ის» მიერ წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში ასახული იყო მისი დაზუსტებული მოთხოვნა _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის 13 000 ლარის დაკისრება, რაც უკვე აღემატებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევისათვის დადგენილ ღირებულებას (ს.ფ. 156-157).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე «ს. შ-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სარჩელის დავის საგანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 936 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ .... სააგენტოს აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა, ინდმეწარმე «ს. შ-ს» სსიპ .... სააგენტოს სასარგებლოდ 936 ლარის გადახდა დაეკისრა. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე «ს. შ-მა». შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 936 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მისთვის მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის დაკისრება ზრდის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებას 1036 ლარამდე. «დავის საგანში», რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ დავის საგანზე გამოტანილი გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო ხარჯები.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერც ის გარემოება გახდება, რომ ინდმეწარმე «ს. შ-ის» მიერ წარდგენილია დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც მას სხვადასხვა მოთხოვნები აქვს დაფიქსირებული, რომელთა ოდენობა 1000 ლარს აღემატება. აღნიშნული საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაზუსტებად, ანუ ამ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დაკონკრეტებად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულ საჩივარში წარდგენილია მოპასუხის დამოუკიდებელი მოთხოვნები მოსარჩელის მიმართ, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, რაც მოპასუხის დამოუკიდებელი სარჩელის საგანი შეიძლება იყოს და არა სააპელაციო საჩივრის საგანი, ამასთან, აღნიშნული დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააელაციო სასამართლოში დაუშვებელია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის გამოყენების წინაპირობის გასარკვევად გადამწყვეტია არა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით წარდგენილი მოთხოვნის ოდენობა, არამედ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში 1000 ლარს არ აღემატება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ინდმეწარმე «ს. შ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.