ას-532-842-09 18 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ქ.”
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,ტ”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ქ-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ტ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 11 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 3 ავტომანქანა მოდელი: ჰოვერი ჩჩ6460 KM23 – 1 ერთეული და მოდელი ჰოვერი ჩჩ6460 KM60 - 2 ერთეული. ხელშეკრულების თანახმად გამყიდველი მოვალე იყო უზრუნველეყო საქონლის განბაჟება და შემდგომი მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თანხის მიღებიდან 10 დღის ვადაში. ნასყიდობის თანხა შეადგენდა 86 416 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გამყიდველმა, ნდობის საფუძველზე, ავანსად გადასცა და გადაუფორმა მყიდველს ერთი ავტომობილი, მოდელი ჰოვერი ჩჩ6460 KM23, ხოლო მყიდველმა გადაიხადა ღირებულების ნაწილი, 13 800 ლარის ოდენობით. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მყიდველს არ გადაუხდია, ავანსის სახით გადაფორმებული ავტომანქანის დარჩენილი ღირებულება, 15004 ლარი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა. გადაფორმებული ავტომანქანის ღირებულების დარჩენილი ნაწილი 15 004 ლარი და 2008 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული საურავის, 2008 წლის 21 ივნისიდან 2008 წლის 31 ოქტომბრამდე ( სარჩელის შემოტანამდე), 5940 (15 004:100X0.3=45 45 ლარი X 132 დღე=5940 ლარი) ლარის, სულ 20 944 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ქ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ-მ“ .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით სს „ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სამოქალაქო პალატამ 2009 წლის 3 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად მიიჩნია და აპელანტს განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის შესავსებად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 მარტის განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩაბარდა 2009 წლის 04 აპრილს.
ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების შესაბამისად აპელანტს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო 10 დღის ვადაში განჩინების ჩაბარებიდან, ე.ი. 2009 წლის 20 აპრილამდე მის მიერ სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც შუამდგომლობა აღუძრავს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ქ-მ“
კასატორის აზრით, ის ფაქტი, რომ აპელანტს არ ქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თავისთავად არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ აპელანტს 2009 წლის 3 მარტის განჩინება (ხარვეზზე) ჩაბარდა 2009 წლის 4 აპრილს. აპელანტს აღნიშნული განჩინება არ ჩაბარება, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
აპელანტის წარმომადგენლის მიერ ამ საქმეზე სააპელაციო ინსტანციაში არსებული წარმოების მასალების გაცნობით გაირკვა, რომ თითქოს აღნიშნული 2009 წლის 3 მარტის განჩინება 2009 წლის 4 აპრილს ჩაბარდა დაცვის უფროსს – ჯ. მ-შვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ეს გზავნილი (2009 წლის 3 მარტის განჩინება) არც აპელანტის დაცვის უფროსს ჩაბარებია, ვინაიდან ს.ფ. 133-ზე არსებული გზავნილის ჩაბარების დოკუმენტზე 2009 წლის 10 აპრილის თარიღით არსებობს ჯ. მ-შვილის ხელმოწერა, რომელიც ამ პერიოდისათვის აღარ წარმოადგენდა სს ,,ქ-ის” თანამშრომელს. ჯ.მ-შვილვი მითითებულ ქ-ში დაცვის ….ად მუშაობდა 2006 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 1 აპრილამდე. 2009 წლის 1 აპრილიდან კი იგი გათავისუფლებული იქნა პირადი განცხადების საფუძველზე. ასეთ ვითარებაში კასატორის აზრით, ჯ.მ-შვილისთვის გზავნილის ჩაბარება საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს …ის სათანადოდ უფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარებად. მითუმეტეს, რომ ჯ.მ-შვილს ეს გზავნილი საერთოდ არ გადაუცია ქ-ის ხელმძღვანელობისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ სს ,,ქ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით სს ,,ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 მარტის განჩინებით სს ,,ქ-ს” დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით სახლმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება ქ-ს ჩაბარდა 2009 წლის 4 აპრილს, ხოლო შესაბამის ვადაში მისი მხრიდან ხარვეზის შევსება არ მომხდარა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო განჩინება ჩაბარდა ჯ. მ-შვილს, რომელიც განჩინების ჩაბარების პერიოდისთვის უკვე აღარ წარმოადგენდა სს ,,ქ-ის” თანამშრომელს, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სს,,ქ-ის” დირექტორის ¹157-ე და ¹158-ე ბრძანებები. (ს.ფ. 148-149)
ზემოხსენებულო მოსაზრებას და ამასთან დაკავშირებით მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ საიდანაც ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება ჩაბარდა ჯ. მ-შვილს და ამავე გრაფაში მითითებულია საწარმოში მისი თანამდებობრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი ის გარემოება, რომ ის წარმოადგენდა დაცვის უფროსს. (ს.ფ. 133) ჯ. მ-შვილმა, როგორც დაცვის უფროსმა თავისთავზე აიღო გზავნილის ორგანიზაციითვის გადაცემის პასუხისმგებლობა, ხოლო თუ ის საწარმოში აღარ წარმოადგენდა დაცვის უფროსს ეს გარემოება მისთვის გზავნილის ჩაბარების პერიოდში ცნობილი უნდა ყოფილიყო. ამასთან გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს მტკიცებულების სახით მითითებული ბრძანებების დედანიც არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო პალატა წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ გაიზიარებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სს ,,ქ-ის” სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,ქ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.