Facebook Twitter

ას-533-843-09 6 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს “ტექს ჯგუფი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ სახელშეკრულებო დავალიანების ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 17 ოქტომბერს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” ფულადი დავალიანების გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს “ტექს ჯგუფის” წინააღმდეგ იმაზე მითითებით, რომ 2008 წლის ივლისის თვეში შპს “ტექს ჯგუფი” ეტაპობრივად იძენდა საგზაო ბიტუმს მოსარჩელისაგან. თითოეულ ეტაპზე მოპასუხისათვის საქონლის მიწოდება ხდებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქონლის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რასაც ხელს აწერს მოპასუხის უფლებამოსილი პირი. მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველი მიწოდებიდან 45 დღის განმავლობაში.

მოსარჩელის მითითებით, 2008 წლის 2 და 11 ივლისს მოპასუხეს მიეწოდა 50793 ლარის ღირებულების ბიტუმი, რომლის საფასურიც მას არ გადაუხდია (ტ.1 ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის გადახდის ბრძანებით სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” განცხადება დაკმაყოფილდა (ტ.1 ს.ფ. 8-9). აღნიშნულ ბრძანებაზე მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რის საფუძველზეც გადახდის ბრძანება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაინიშნა საერთო სასარჩელო წესით (ტ.1. ს.ფ. 30-31).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ტექს ჯგუფს” დაეკისრა 50793 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს საგზაო ბიტუმი მიეწოდა 2008 წლის 2 და 11 ივლისს, რომლის ღირებულებაც არ აქვს ანაზღაურებული. სასამართლომ განმარტა, რომ გასულია ვალდებულების შესრულების გონივრული ვადა, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს მიწოდებული ბიტუმის ღირებულება (ტ.1, ს.ფ 60-63).

2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტექს ჯგუფმა” და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტი მიუთითებს, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხმება ან ხელშეკრულება არსებული ბიტუმის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე ჩაბარების აქტზე არ არის მისი წარმომადგენლის ხელმოწერა. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მოითხოვა ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ კომპანია იმყოფება ფინანსურ კრიზისში. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შეუძლებლობის შემთხვევაში აპელანტი მოითხოვს ბაჟის გადახდევინებას 300 ლარამდე (ტ.1. ს.ფ. 67-78).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებით შპს “ტექს ჯგუფს” დაუდგინდა ხარვეზი და 7 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2031.72 ლარის გადახდა (ტ.2. ს.ფ. 4-5).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით შპს “ტექს ჯგუფის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2009 წლის 16 აპრილიდან და ამოიწურა 2009 წლის 22 აპრილს. აპელანტის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, და არც რაიმე შუამდგომლობა წარმოდგენილა (ტ.2, ს.ფ. 10-13).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ტექს ჯგუფმა” კერძო საჩივარი შეტანა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მათ სააპელაციო სასამართლოს სთხოვეს სახელმწიფო ბაჟის განაწილვადება საქმის განხილვის დასრულებამდე, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააპელაციო საჩივარი და უარი უთხრა განხილვაზე, რითაც დაირღვა მათი უფლებები (ტ.2, ს.ფ. 18).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა შპს “ტექს ჯგუფმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან გადასახდელი გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შემცირება 300 ლარამდე (ტ.1, ს.ფ. 74). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ისე დაუდგინდა ხარვეზი, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის აღნიშნულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანხმად, სასამართლოს მახარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შუამდგომლობაზე, რათა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების, გადავადების თუ შემცირების საფუძვლების რეალურად არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა არსებითი საპროცესო უფლებაა სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, რაც ასევე გულისხმობს ამ შუამდგომლობების განხილვის, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ შუამდგომლობაზე უარის თქმის მოტივების ცოდნის უფლებასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის გარეშე გადაეწყვიტა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დასაშვებობის ხელახლა შემოწმებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.