საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №341აპ-17 ქ. თბილისი
თ-ა ო 341აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. თ-ს ბრალი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ო. თ-ა მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით .... და მოძრაობდა ქ. თ-ი, ვ-ს გამზირზე, ტ-ს ქუჩის კვეთასთან, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა „მაზდას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ხ. ხ-ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „მაზდას“ მგზავრებმა თ. დ-მ და ლ. გ-ა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ნ. ნ-მ - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ო. თ-ა ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ო. თ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
გაუქმდა ო. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: CD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ავტომობილი „მაზდა“, სახელმწიფო ნომრით ..., უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ავტომობილი „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით ....., უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედო ხ. ხ-ს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გამართლებულ ო. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მსჯავრდებულ ო. თ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას:
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 ივნისის N.... დასკვნის თანახმად, ავტომობილ „მაზდას“, # ...., უკანა მარცხენა ნაწილზე და ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ # .... წინა მარცხენა ნაწილზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ბლაგვ, მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად. კერძოდ, მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად, მაშინ, როდესაც მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის ურთიერთკონტაქტისას (შეჯახებისას) შეადგენდა დაახლოებით 50-60 გრადუსს.
ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ # .... საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ავტომობილ „მაზდას“ #.... საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია, საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის დროს ძლიერი მექანიკური ძალების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო.
მოცემულ პირობებში შემთხვევის ადგილზე დატოვებული 13.7 სიგრძის მუხრუჭის კვალისა და ავტომობილების საბოლოო განლაგების მიხედვით, ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ # .... დამუხრუჭების დაწყებამდე მოძრაობდა 86 კმ/სთ-ზე შედარებით მეტი სიჩქარით, რისი ზუსტი განსაზღვრაც ავტოტექნიკური ექსპერტიზის გზით შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი მიზეზების გამო. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით მიღებული მონაცემების (t=0.7 წმ.) მიხედვით, ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ # .... დამუხრუჭების დაწყებამდე მოძრაობდა დაახლოებით 123 კმ/სთ სიჩქარით.
მოცემულ პირობებში ავტომობილ „მაზდას“ # .... მძღოლმა ხ. ხ-ა მარცხნივ მოხვევის მანევრით შექმნა საფრთხე მოძრაობაში, რითაც უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. მოცემულ პირობებში ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ # ... მძღოლ ო. თ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე „მერსედესი“ „პირველი ჰორიზონტალური მონიშვნის“ წვერიდან „მეორე ჰორიზონტალური მონიშვნის“ წვერამდე მანძილის გავლას ანდომებს დაახლოებით 0.7 წმ-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ,,მერსედესის“ მძღოლის მხედველობის არეში ავტომანქანა „მაზდის“ შემოსვლიდან - შეჯახებამდე გავიდა 1.6 წმ.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილ „მაზდას“ მძღოლის მიერ სავალ ნაწილზე, მარცხნივ მოხვევის მანევრის განხორციელების დროს, მე-5 სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს ავტომობილი „მაზდა“ უნდა დაენახა მე-4 სამოძრაო ზოლის დაახლოებით შუაში, როგორც ეს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ფოტოილუსტრაციაშია ასახული. ავტომობილ „მაზდას“ დანახვის მომენტიდან მასზე შეჯახებამდე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გავიდა დაახლოებით 1.6 წამი. აღნიშნული მომენტი შესაძლებელია ჩაითვალოს ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლისთვის საფრთხის შექმნის მომენტად.
გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტს აღებული აქვს საფრთხის შექმნის შესაძლო/სავარაუდო მომენტი და მიუხედავად ამისა, სწორედ ამ მონაცემზე დაყრდნობით აქვს მას გამოთვლილი, თუ რა მანძილით იქნებოდა დაშორებული 123 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში, თუ საფრთხის შექმნის მომენტიდან გასულია 1.6 წამი. გამოთვლის შედეგად ექსპერტმა მიიღო პასუხი, რომ 123 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „მერსედესი“ შეჯახების ადგილიდან საფრთხის შექმნის მომენტში, თუ საფრთხის შექმნის მომენტიდან შეჯახებამდე გავიდა 1.6 წამი, დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 55 მეტრი მანძილით. ექსპერტმა ასევე გამოთვალა ნებადართული მაქსიმალური 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებში ,,მერსედესის“ სრული გაჩერებისთვის აუცილებელი მანძილი, რომელიც ტოლია დაახლოებით 42 მეტრის და დაადგინა, რომ „მერსედესის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - კ. შ-ა და ლ. ა-მ.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ. ა-მ განმარტა, რომ მან გამოიკვლია ვიდეოჩანაწერი. ექსპერტიზის ჩატარებისას განისაზღვრა ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ერთმანეთთან მდებარეობა. დადგინდა ის მომენტი, როცა დამჯახებელ ავტომობილს და გადამკვეთად მოძრავ ავტომობილს შორის მხედველობის შეზღუდვა არ არსებობდა და დამჯახებელი მძღოლის არეალში იყო მოქცეული გზის გადამკვეთად მოძრავი ავტომობილი. ამ მომენტიდან დაჯახებამდე განისაზღვრა დრო, რაც შეადგენდა 1,6 წამს. ასევე იმისათვის, რომ ავტოტექნიკურ ექსპერტს განესაზღვრა დამჯახებელი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, დადგინდა საგზაო მონიშვნებს შორის მანძილი და ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ამ მანძილის გავლის დრო შეადგენდა დაახლოებით 0,7 წამს.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა კ. შ-ა განმარტა, რომ საფრთხე მოძრაობაში შექმნა ავტომობილმა „მაზდამ“. საფრთხის შექმნის შესაძლო მომენტი შეიძლება იყოს ის დრო, როდესაც მეხუთე ზოლში მოძრავმა „მერსედესის“ მძღოლმა ო. თ-მ შენიშნა ავტმობილი „მაზდა“ მე-4 სამოძრაო ზოლის შუაში. ო. თ-ა შესაძლო საფრთხის შექმნის მომენტში შეჯახების ადგილიდან დაშორებული იყო 55 მეტრით და რომ ემოძრავა ნებადართული 60 კმ/სიჩქარით, სრული გაჩერებისათვის საჭირო იყო 42 მეტრი, შესაბამისად, ო. თ-ს შეეძლო ნებადართული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა. მანვე განმარტა, რომ საფრთხის შექმნის მომენტის შეფასება არის იურიდიული საკითხი და არ შედის მის კომპეტენციაში. მან მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით ჩაატარა კვლევა.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე კ. შ-ს ჩვენებაში, მითითებულია საფრთხის შექმნის შესაძლო (სავარაუდო) მომენტი და სწორედ ამ არსებითი მნიშვნელობის სავარაუდო მონაცემზე დაყრდნობით ექსპერტს ჩატარებული აქვს კვლევა და გაცემული აქვს კატეგორიული დასკვნა, რომ ო. თ-ს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით (იმოძრავებდა ნებადართული სიჩქარით). სასამართლოს მიაჩნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 ივნისის N .... დასკვნა იმ ნაწილში - ო. თ-ა საფრთხის შექმნის მომენტიდან შეძლებდა თუ არა შეჯახების თავიდან აცილებას, არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან, თუ ექსპერტი, ერთი მხრივ, უთითებს, რომ კვლევის დროს გამოყენებული აქვს საფრთხის შექმნის სავარაუდო მომენტი, რომლის განსაზღვრაც ამავდროულად არ შედის მის კომპეტენციაში და სწორედ ამ სავარაუდო საფრთხის შექმნის მომენტიდან აქვს გამოთვლები გაკეთებული, შესაბამისად, დასკვნაც უნდა იყოს სავარაუდო.
მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია ის საკითხი, როდის შეუქმნა ავტომანქანა „მაზდას“ მძღოლმა ავტომანქანა „მერსედესის“ მძღოლს საფრთხე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის # .... დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში ავტომობილ „მერსედეს“ # ....-ის მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით (მე-4 სამოძრაო ზოლიდან მე-5 სამოძრაო ზოლში შესულ ავტომობილ „მაზდასთან“ შეჯახებას), მომხდარ სატრანსპორტო შემთხვევის აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.
მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება მოცემულ კონკრეტულ პირობებში მთლიანად დამოკიდებული იყო ავტომობილ „მაზდა“ #....-ის მძღოლის მოქმედებაზე, თუ იგი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ. გ-ა დაადასტურა ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მან დამოუკიდებელ ექპერტ რ. ვ-ნ ერთად ჩაატარა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რა დროსაც გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის ვიდეოჩანაწერს, რომელიც მკაფიოდ ასახავს საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს. შეისწავლეს შემთხვევის ადგილი, გაზომეს მანძილები (რა მანძილში იმყოფებოდა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, როცა ავტომობილმა „მაზდამ“ დაიწყო მეხუთე სამოძრაო ზოლის გადაკვეთა) და, რა თქმა უნდა, განახორციელეს ტექნიკური გაანგარიშებები, რის საფუძველზეც გასცეს შესაბამისი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედეს“ # ....-ის მძღოლი მე-4 სამოძრაო ზოლიდან მე-5 სამოძრაო ზოლში შესულ ავტომობილ „მაზდასთან“ შეჯახების (საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის) თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია ეს საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა, არ გამოიკვეთა. მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, ტექნიკური თვალსაზრისით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში მთლიანად დამოკიდებული იყო ავტომობილ ,,მაზდა“ # ....-ის მძღოლის მოქმედებაზე, თუ იგი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებდა (მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა). „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასასვლელად მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქ საკითხი ეხება მე-4 სამოძრაო ზოლიდან მე-5 სამოძრაო ზოლში გადასვლას და როცა მძღოლი ზოლს იცვლის, ერთი ზოლიდან მეორე ზოლში გადასვლისას მძღოლმა უნდა დაუთმოს გზა იმ ზოლში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. როდესაც ავტომობილ „მაზდას“ მძღოლი მე-4 სამოძრაო ზოლიდან გადავიდა მე-5 სამოძრაო ზოლში და ამ მომენტისათვის დაკავებული იყო მე-5 სამოძრაო ზოლი, რა თქმა უნდა, „მაზდას“ მძღოლს უნდა მიეცა საშუალება მეხუთე სამოძრაო ზოლში მოძრავი „მერსედესის“ მძღოლისთვის, რომ გაევლო და ამის შემდეგ განეხორციელებინა მანევრი. შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა თანახმად, ,,მერსედესის“ მძღოლს საფრთხე შეექმნა მაშინ, როდესაც ,,მაზდა“ შევიდა მის სამოძრაო ზოლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საფრთხის შექმნის მომენტიდან ო. თ-ს ავტომანქანა ,,მერსედესი“ შეჯახების ადგილიდან დაშორებული იყო 35 მეტრით. ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო იყო 42 მეტრი და ო. თ-ს ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარითაც რომ ემოძრავა, ტექნიკური თვალსაზრისით, ეს მანძილი მაინც არ იყო საკმარისი ავტომანქანის გაჩერებისათვის და შეჯახების თავიდან აცილებას იგი მაინც ვერ შეძლებდა.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ. ვ-ა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის # ... დასკვნაში ექსპერტების - დ. გ-ა და რ. ვ-ს მიერ მითითებულ საფრთხის შექმნის მომენტს - ეს არის ავტომობილ „მაზდას“ მიერ მე-5 სამოძრაო ზოლის გადაკვეთის დაწყება, სადაც მოძრაობდა ო. თ-ა და სარგებლობდა გავლის უპირატესობით. საფრთხე მე-5 სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომანქანას ექმნება უშუალოდ მისი სამოძრაო ზოლის გადაკვეთისას, ხოლო მე-5 სამოძრაო ზოლის გადაკვეთის დაწყება მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლ ო. თ-ს საფრთხის შექმნის მომენტად და არა ის დრო, როდესაც ო. თ-ს თვალთახედვის არეში (მე-4 სამოძრაო ზოლის შუაში) მოექცა ავტომანქანა „მაზდა“, როგორც ამას ექსპერტი კ. შ-ი სავარაუდოდ უთითებს თავის დასკვნაში.
რაც შეეხება ო. თ-ს მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რაც ნაწილობრივ დაადასტურა ჩვენების მიცემისას ო. თ-ც, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის # .... დასკვნის თანახმად, ო. თ-ა ნებადართული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც ვერ შეძლებდა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა ისეთი უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება. ცალკე აღებული სიჩქარის გადაჭარბება კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ „მერსედეს“ # ....-ის მძღოლს ო. თ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იმგვარი უგულვებელყოფა, რამაც მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია, არ გამოიკვეთა.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ო. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ო. თ-ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; სასამართლომ არასწორად შეაფასა და გაიზიარა დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ო. თ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო. თ-ს ბრალეულობაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს გააჩნია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №296აპ-14, №462აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი