Facebook Twitter

ას-5-360-07 8 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს «მ.-ა”

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ.-ი, ა. ბ.-ე, ა. ხ.-ე, გ. შ.-ე

დავის საგანი – პაის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 იანვარს კოოპერატივ „ვ.-ის“ მეპაიეებმა გ. გ.-მა, ა. ბ.-მ, ა. ხ.-მ და გ. შ.-მ სარჩელი აღძრეს კოოპერატივ „ვ-ის“, გ. ქ.-ის, თ. წ.-ის, ლ. ხ.-ის, შ. კ.-ის, ვ. ზ.-ის, თ. ზ.-ის, პ. კ.-ის, კ. კ.-ის, მესამე პირის, ...-ს ნოტარიუს მ. ა.-ის მიმართ და მოითხოვეს პაის გადაცემის ხელშეკრულების ბათილობა, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების გაუქმება. სარჩელში მიუთითეს, რომ მოპასუხეების მიერ სანოტარო წესით დადებულ იქნა პაის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები, რითაც დაირღვა კოოპერატივის წესდების 4.4. მუხლი კრების გადაწყვეტილებისა და საზოგადოების ნებართვის გარეშე წილის გასხვისებისა და მემკვიდრეობით გადაცემის აკრძალვის შესახებ, ამასთანავე დაირღვა წილის შესყიდვის უპირატესი უფლებაც.

დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 12 ივლისს საქმეზე დაამტკიცა მორიგება და შეწყვიტა საქმეზე წარმოება. მხარეები შეთანხმდნენ კოოპერატივის რეორგანიზაციაზე, რაშიც იგულისხმება კოოპერატივის გაყოფა კოოპერატივ „ვ.-ის“ სამართალმემკვიდრე საწარმოებად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია „ქ.-ის“, შპს „ა.-ს“ მეანაბრეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კორპორაცია „ქ.-ის“, შპს „ა.-ს“ დაზარალებული მეანაბრეების – შ. ხ.-ის, ნ. ბ.-ის, ო. ლ.-ის, ნ. გ.-ის, ე. ბ.-ის, დ. წ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2006 წლის 31 ოქტომბერს სს „მ.-მ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი მიწვეული არ იყო მხარედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 ელის 11 დეკემბრის განჩინებით სს «მ.-ს” განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «მ.-მ” და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა რომ იგი არის მხარე და არ მოიწვია სასამართლო პროცესზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს «მ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

აღნიშნული მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ იმ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება დამთავრებულია.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს იმ განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კერძო საჩივარზე, დააკმაყოფილა იგი, გააუქმა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს ანუ საქმის წარმოება ამ შემთხვევაში არსებითად არ დამთავრებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სს «მ.-ს” განცხადება განუხილველად, ვინაიდან არ არსებობს განცხადების დაშვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «მ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.