Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-536-769-08 1 აგვისტო, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მაია სულხანიშვილი ( მომხსენებელი) როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-აძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ. კ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე_ კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური”

წარმომადგენელი - პ. ლ-იძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მორალური ზაინის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა გ. კ-აძემ შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 Aაშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით 1999 წლის 21 აპრილიდან მუშაობდა ქ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის გასამხედროებული დაცვის მე-2 კლასის გუშაგად. 1999 წლის 23 ნოემბერს 16 საათსა და 45 წუთზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ნავსადგურის ტერიტორიაზე მდგარი რკინიგზის ვაგონის ქვეშ შენიშნა სასუქით სავსე ტომარა და გუშაგ გოდერძი კოკაიას უთხრა, რომ საჭირო იყო მისი გამოტანა და დაცვა, რადგან ეს მათ უშალო მოვალეობაში შედიოდა. შევიდა ვაგონის ქვეშ, მაგრამ ტომარის გამოტანამდე, ვაგონი დაიძრა, გოგორწყვილმა გადაუარა მარჯვენა ფეხის ბარძაყზე და მოკვეთა ფეხი.

მოსარჩელის განმარტებით, ფოტის საზღვაო ნავსადგურის ბრალეული მოქმედების შედეგად, დაკარგა ფეხი რომელიც აღარ ექვემდებარებოდა რესტიტუციას, ხოლო ტრამვის შედეგად მიიღო მორალური ზიანი., რაც გამოიხატა დეპრესიულ ნევროზში.

შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი, როგორც დაცვის გუშაგის უშუალო მოვალეობაში შედიოდა რკინიგზის ვაგონის ქვეშ მოქცეული სასუქით სავსე ტომარის გამოტანა, რაგდან აღნიშნული სახის ქმედების განხორციელება არ განეკუთვნებოდა გუშაგის მოვალეობის სფეროს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქალაქ ფოთის ნავსადგურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის სახით დაეკისრა 30000 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა და მოითხოვა მისი გაუქმება. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემაც და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის და გ. კ-აძის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 აგვისტოს

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმიონისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურს” გ. კ-აძის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 ლარის გადახდა.

განსახილველ საქმეში ფოსტის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის გაგზავნილი დასტურით ირკვეოდა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურს” ჩაბარდა 2008 წლის 28 მარტს. ამ გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოსთვის ვადაში ჩაბარებული არ ყოფილა, ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2008 წლის 4 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის´წარმომადგენელმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერება. განმცხადებლის განმარტებით დასახელებული გადაწყვეტილება მათ მიერ გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის” განცხადება დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა შეჩერებულიყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-აძემ.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ფოსტის მიერ გაცემული ზედდებულიდან არ ირკვეოდა თუ ვინ იყვნენ გამგაზავნი და კურიერი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე მოხდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ Gგ. კ-აძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ და შესაბამისად მიექცევა აღსასრულებად

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით ,კორპორაცია ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, მისი დაუშვებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებული იქნა საკასაციო სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აღმოიფხვრა ის სამართლებრივი საფუძველი, რამაც განაპირობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განჩინება და გაგრძელდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.