Facebook Twitter

¹ას-540-882-07 17 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ე (მოპასუხე)

დავის საგანი – ქმედების აკრძალვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2006 წლის 20 ივნისს ლ. ი-მა სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახის სამზარეულო ოთახად გადაკეთების აკრძალვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ბინა მისი ბინის ერთი სართულით ზემოთ მდებარეობს. ლ. ფ-მ მასთან შეუთანხმებლად დაიწყო საძინებელი ოთახის სამზარეულოდ გადაკეთება, რის გამოც მისი ნორმალური საცხოვრებელი პირობები დაირღვა, კერძოდ, ჩამოდის ხმაური, ონკანისა და თეფშების ხმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება 2007 წლის 13 თებერვალს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-მა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ დადგენილ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ლ. ი-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ი-მა. მან მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება არც მას და არც მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. ი-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ლ. ი-ს სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან (ს.ფ.32).

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ მას საცხოვრებელი ადგილი არ გამოუცვლია და გაუგებარია, რატომ დაბრუნდა განჩინება უკან იმ მითითებით, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ლ. ი-ს მითითებას იმის შესახებ, რომ მის წარმომადგენელს ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნა სასამართლოში ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ი-სა და მის წარმომადგენელ რ. ს-ს განჩინების ასლი გაეგზავნათ 2007 წლის 5 აპრილს. აღნიშნული განჩინება როინ სალუქვაძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 15 მაისს (ს.ფ.39). ლ. ი-ს კი მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ხარვეზის განჩინება, მაგრამ სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება მითითებით, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან განჩინება გაიგზავნა ლ. ი-ს მიერ მითითებულ მისამართზე და მას მისამართის ან ადგილსამყოფელის (თუდაც დროებითი ადგილსამყოფელის) გამოცვლის შესახებ უნდა შეეტყობინებინა სასამართლოსათვის. გარდა ამისა, განჩინება ჩაჰბარდა მის წარმომადგენელს - როინ სალუქვაძეს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განჩინება ჩაჰბარდა მხარეს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2007 წლის 22 მაისის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ი-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.