საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №352აპ-17 ქ. თბილისი
ს-ი ს, 352აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განაჩენზე ს. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განაჩენით ს. ს-ი, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 (რვა) წლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 28 აგვისტოდან.
განაჩენით ს. ს-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ი, ო-ს ქ. №..-ში მდებარე რ. კ-ს საცხოვრებელ სახლში, ს. ს-ა ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, რ. კ-ს 5,6 მმ კალიბრიანი ვაზნისათვის განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობები მუცლისა და ფეხის არეში. რ. კ-ი დროული და გადაუდებელი სამედიცინო ქირურგიული ჩარევის შედეგად გადარჩა სიკვდილს.
ს. ს-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 5,6 მმ კალიბრიანი ვაზნისათვის განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, სამ ცალ საბრძოლო მასალასთან ერთად, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2015 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ი, ო-ს ქ. №...-ში მდებარე ტერიტორიაზე, ს. ს-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 5,6 მმ კალიბრიანი ვაზნისათვის განკუთვნილ ცეცხლსაროლ იარაღს, სამ ცალ საბრძოლო მასალასთან ერთად, რომლითაც განზრახ მოკვლის მიზნით, რ. კ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობები მუცლისა და ფეხის არეში.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა ს. ს-ა ადვოკატთან შეთანხმებით დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა ს. ს-ს ქმედება. საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რ. კ-ს, მოწმეების: ვ. ჯ-ს, რ. კ-ს, ს. მ-ს, დ. მ-ს, ლ. ჯ-ს, ი. ს-ს, ა. ა-ს, დ. ტ-ს, დ. ც-ს, გ. ე-ს, ზ. გ-ს, თ. ჯ-ა და მ. ჩ-ს ჩვენებებით; ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური და სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ს. ს-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რადგან, მართალია, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ ს. ს-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე - ქმედების მიზანი და მოტივი, ჩადენის სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი და ქმედების სოციალურად საშიში ხასიათი. გარადა ამისა, პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია და კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობდა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ს-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი განაჩენს ასაჩივრებს სასჯელის ნაწილში. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული; ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევია და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, რისი გათვალისწინებითაც, ს. ს-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი