ას-545-886-07 17 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი – ვ. ლ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება
დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და
სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-მა 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ. ჯ-ს მიმართ და მოითხოვა დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე განსასჯელ ზ. ჯ-ს მიმართ. 2006 წლის 13 ნოემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მოხდა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე, რის საფუძველზეც ზ.ჯ-ს განესაზღვრა 3 წელი პირობითი სასჯელი და დაეკისრა 2000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი. მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 26 აპრილს ქ.თელავში, ... ¹2-ში მცხოვრებმა ზ.ჯ-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა გასროლა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის მიმართულებით, მდებარე ქ.თელავში, ... ქ. ¹5-ში. საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად დაზიანდა ოთახისა და აივნის კედლები, საწვიმარი მილები, ფარდები, კარების მინა და სხვა. მოსარჩელეს 2006 წლის 29 აგვისტოს შპს “ .. ..” აუდიტორული დასკვნის თანახმად მიადგა 1067 ლარის ქონებრივი ზიანი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ.თელავში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მისი მეუღლის მ. ლ-ს სახელზე, რაც დასტურდება 2006 წლის 4 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით. ზ.ჯ-ს პატიმრობიდან გთავისუფლების შემდეგ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან მუდმივი სტრესის ქვეშ და მორალურად არიან მძიმე მდგომარეობაში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზ. ჯ-ს ვ. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის 200 (ორასი) ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ს წარმომადგენელმა ნ.შ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით ვ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 75-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლო გზავნილი, სადაც მოსამართლის თანაშემწის მიერ გაკეთებულია აღნიშვნა, რომ 2007 წლის 11 აპრილს თელავის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებულმა ვ. ლ-მა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე განაცხადა უარი. აღნიშნულს ხელისმოწერით ადასტურებს მოსამართლის თანაშემწე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ ვ. ლ-სათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2007 წლის 11 აპრილს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ასევე ვ. ლ-ს წარმომადგენელს ნ. შ-ს და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 19 აპრილს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ვ. ლ-სათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2007 წლის 11 აპრილს და გასაჩივრების ვადა ათვლილი უნდა იქნეს 2007 წლის 11 აპრილიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. ლ-მა და მისმა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2007 წლის 27 აპრილს ანუ გასაჩივრების დაწესებული ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ლ-ს წარმომადგენელმა ნ. შ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ვ. ლ-ს, რომელმაც უარი განაცხადა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ვ. ლ-ი არის 77 წლის მოხუცი, რომელსაც სასამართლოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა არ განუმარტეს, თუ რა დოკუმენტს აბარებდნენ და რა შედეგი დადგებოდა მისი ჩაუბარებლობის შემთხვევაში. მოსარჩელეს ასაკის გამო გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე უარის თქმა ნიშნავდა გადაწყვეტილების ჩაბარებას და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნა მას, როგორც ვ.ლ-ს წარმომადგენელს და ჩაბარდა 2007 წლის 19 აპრილს. ვ.ლ-მა და წარმომადგენელმა ერთობლივად შეიტანეს სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 27 აპრილს ანუ მათ მიერ არ იქნა დარღვეული გასაჩივრების 14 დღიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამათლომ არ გათვალისწინა ის გარემოება, რომ მართალია ვ.ლ-მა გაუშვა გასაჩივრების ვადა, მაგრამ ეს ვადა წარმომადგენლის მიერ დაცულია.
A
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ლ-ს წარმომადგენლის ნ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება და საქმე ვ. ლ-ს წარმომადგენლის ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებების გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან 2007 წლის 11 აპრილს თელავის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებულმა ვ. ლ-მა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე განაცხადა უარი, რაც დადასტურებულია მოსამართლის თანაშემწის მიერ სასამართლოს გზავნილზე გაკეთებული აღნიშვნით (ს.ფ. 64), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სწორედ 2007 წლის 11 აპრილიდან უნდა ათვლილიყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით მოწესრიგებულია მხარეების და მათი წარმომადგენლებისათვის სასამართლო შეტყობინების და დაბარების, გაგზავნის და ჩაბარების წესი. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე კოდექსის 75-ე მუხლში კი მითითებულია, რომ თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მოთხოვნით სასამართლო შენობაში უწყების ჩაბარება არ ეწინააღმდეგება იმავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებს; მაგრამ მოსამართლის თანაშემწის მიერ სასამართლო შენობაში უწყების ჩაბარების თაობაზე უარის თქმის შესახებ აქტის შედგენა და მხარის დავალდებულება ამგვარი წესით მიიღოს უწყება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ლ-სათვის თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისას დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლის მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს ვ. ლ-ს წარმომადგენლის ნ. შ-ის კერძო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება და საქმე ვ. ლ-ს წარმომადგენლის ნ.შ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.