Facebook Twitter

ას-546-855-09 23 ივლისი , 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-შვილის სარჩელი სს “ .. ..-ის” მიმართ უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ასლი მამამისს _ გ. მ-შვილს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 9 აპრილს, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 10 აპრილს, ვინაიდან გადაწყვეტილების ასლი 9 აპრილს ვერ ჩაჰბარდებოდა იმის გამო, რომ 9 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეა და, შესაბამისად, მისი განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 11 აპრილიდან. ამდენად, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო არა 2009 წლის 23 აპრილი, არამედ 24 აპრილი. შესაბამისად, ლ. მ-შვილის განმარტებით, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 24 აპრილს წარადგინა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ლ. მ-შვილის მამას _ გ. მ-შვილის ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2009 წლის 9 აპრილს, (ს.ფ85), ხოლო ლ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2009 წლის 24 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2009 წლის 23 აპრილი.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ასლი მამამისს _ გ. მ-შვილს ჩაჰბარდა არა 2009 წლის 9 აპრილს, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებულ განჩინებაში, არამედ 2009 წლის 10 აპრილს, ვინაიდან გადაწყვეტილების ასლი 9 აპრილს ვერ ჩაჰბარდებოდა იმის გამო, რომ 9 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეა და ფოსტის მუშაკები არ მუშაობენ. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინება, რომლითაც ჩაბარების თარიღად მითითებულია 2009 წლის 9 აპრილი (ს.ფ. 86A) და რომელსაც ხელს აწერს გ. მ-შვილი. ამდენად, ლ. მ-შვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.