ას-547-888-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს .. .. სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..”EE (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
2006 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ .. ..”.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 17 ივლისს მოსარჩელესა და ... მართვის დეპარტამენტს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობის ელექტროგაყვანილობის სამუშაოთა შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, ობიექტის ღირებულება შეადგენდა 37800 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობდა შპს „...ბიუროს“ მიერ მომზადებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის თავდაპირველი ოდენობა განისაზღვრა 23 560 ლარით. მოსარჩელის მითითებით, სამუშაოების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ხარჯთაღრიცხვა შესრულებული იყო 1999 წელს დადგენილი ფასებით, სამუშაოებისათვის მიცემულ მასალებსა და ფაქტობრივად შეძენილ მასალებს შორის აღმოჩნდა ფასთა სხვაობა, ასევე გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოების შესრულებისა და არსებული ხარჯთაღრიცხვის გადაანგარიშების აუცილებლობა, სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ 2004 წლის 17 ნოემბერს მიმართა დაწესებულების ხელმძღვანელობას და წარუდგინა დამატებითი სამუშაოებისა და ფასთასხვაობის ცხრილი, ასევე სასაქონლო ზედნადებები. მიმართვაში დასმული საკითხი მოპასუხის მიერ 2004 წლის 24 ნოემბერს გატანილ იქნა განსახილველად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების, ხელშეწყობისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის თათბირზე, სადაც გადაწყდა რომ შპს „,,, ბიუროს“ მოეხდინა ცვლილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯთაღრიცხვაში, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 42880 ლარს შეადგენდა.
სარჩელში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელემ ხარჯთაღრიცხვის პირობებში გააგრძელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და 2005 წლის 25 თებერვლისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 34 492 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს მიღებული აქვს 24 500 ლარი. მოსარჩელემ მიმართა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დარჩენილი თანხის მიღების მოთხოვნით. დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ 2005 წლის 13 მარტის ბრძანებით შეიქმნა კომისია შესრულებული სამუშაოების შეფასების მიზნით, რომელშიც გაერთიანდნენ მოპასუხისა და მოსარჩელის წარმომადგენლები. კომისიამ შეისწავლა შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 34592 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნაზე გადაეხადათ მისთვის დარჩენილი თანხა, მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ხარჯთაღრიცხვა ხელოვნურად იყო გაზრდილი.
მოსარჩელემ მოითხოვა, დაეკისროს საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტს 9 292 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “.. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ... მართვის დეპარტამენტმა.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტს მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განჩინებით ... მართვის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამინისტრომ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა სააპელციო საჩივარი განუხილველად, კერძოდ, ... მართვის დეპარტამენტის იურიდიულ მისამართია ქ. თბილისი, მ...ის ქ. ¹8 და არა გ...ის ქ.¹8, სადაც სააპელაციო სასამართლომ გააგზავნა ხარვეზის განჩინება. სააპელაციო საჩივარში მითითებულია მ...ის ქ.¹8 და არა გ...ის ქუჩა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განჩინება ჩაითვალოს ჩაბარებულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან (ს.ფ.137).
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ... მართვის დეპარტამენტს განჩინების ასლი გაეგზავნა რამდენჯერმე, ასევე განჩინების ჩაბარება სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 მარტის განჩინებით დაევალა ... სამინისტროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ორგანოს საუბნო სამსახურს. სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე, კერძოდ, მ...ის ¹8-ში აღნიშნული დეპარტამენტი აღარ არსებობს და იგი გადასულია სხვა მისამართზე. ვინაიდან აპელანტის მისამართი სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
2006 წლის 25 ივლისს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რითაც საბიუჯეტო დაწესებულებები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სააპელაციო საჩივარი კი განუხილველად დარჩა 2007 წლის 2 მაისს, ე.ი. ცვლილების შესვლის შემდეგ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების შესვლის შემდეგ გაქარწყლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება არ იყო შესული ჯერ კიდევ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის მომენტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალტას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.