ას-548-889-07 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დედოფლისწყაროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი – მ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ს სარჩელი მოპასუხეების _ მ. და მა. გ-ებისა და სანოტარო ბიუროს ნოტარიუს მ. ა-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-სა და მა. გ-ს შორის დადებული სახლის ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო სარჩელი საკუთრების უფლებით სადავო ბინიდან წილის გამოყოფისა და შესახლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა სარჩელი შს დედოფლისწყაროს რაიგანყოფილების ... სამსახურის მიმართ მ. გ-ს საცხოვრებელ ბინაში მ. გ-ს რეგისტრაციის გაუქმების უკანონოდ ცნობის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მა. და მ. გ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე ნოტარიუსმა მ. ა-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქმეზე შეწყდა წარმოება აპელანტ მ. გ-ს გარდაცვალების გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2004 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეზე წარმოება განახლდა და მ. გ-ი აღიარებულ იქნა აწ გარდაცვლილ მ. გ-ს უფლებამონაცვლედ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ მ. გ-ს რეგისტრაციიდან მოხსნა, მა. გ-ს სააპელაციო საჩივარი და მ. ა-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ნოტარიუსმა მ. ა-მა 1998 წლის 5 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, 1998 წლის 5 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2007 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადნენ მხარეები, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ნოტარიუსი მ. ა-, მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ი და მა. გ-ი.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განჩინებით მ. ა-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ 2007 წლის 15 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დღის შესახებ, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეებს უწყება ჩაჰბარდათ პირადად, ხოლო ნოტარიუსმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, რაც დასტურდება საქმეში არსებულ გზავნილზე უწყების მიმტანის მიერ სათანადო აღნიშვნის გაკეთებით.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დედოფლისწყაროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა მ. ა-მა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეებს უწყება ჩაჰბარდათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მისთვის უწყება არავის მიუტანია, შასაბამისად, არც უარი განუცხადებია მის მიღებაზე. ფოსტის დამტარებელს სანოტარო ბიუროში დახვდა ბუღალტერი, რომელმაც არ ჩაიბარა უწყება და აუხსნა დამტარებელს, რომ მეორე დღეს სამსახურში იქნებოდა ნოტარიუსი და პირადად მისთვის ჩაებარებინა.
კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ი. მ-ისა და თ. თ-ის წერილობითი ფორმით შედგენილი ახსნა-განმარტებები, რაც დამოწმებულია თავად ნოტარიუს მ. ა-ს მიერ. ი. მ-ის განმარტებით, ფოსტის დამტარებლის მიერ სასამართლოდან შეკვეთილი წერილის მოტანის მომენტისათვის ნოტარიუსი არ იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში, რის გამოც უარი განაცხადა წერილის დატოვებაზე, ხოლო თ. თ-ის განმარტებით, მუშაობს ფოსტის დამტარებლად, სააპელაციო სასამართლოს შეკვეთილი წერილი მიიტანა სანოტარო ბიუროში, რომელიც სანოტარო ბიუროს ბუღალტერმა ი. მ-მა და თანამშრომელმა თ. გ-მა არ ჩაიბარეს.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის უწყების ჩაბარებას 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომელსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ 2007 წლის 15 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დღის შესახებ, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეებს უწყება ჩაჰბარდათ პირადად, ხოლო ნოტარიუსმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, რაც დასტურდება საქმეში არსებულ გზავნილზე უწყების მიმტანის მიერ სათანადო აღნიშვნის გაკეთებით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, რომელიც დამოწმებულია თავად მ. ა-ს მიერ, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების შინაარსიდან, ისე კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილის მიღებაზე სანოტარო ბიუროს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-3, მე-16 მუხლების თანახმად, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, იგი ასრულებს საჯარო ფუნქციებს, უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო და ანგარიში ბანკში. უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და გაათავისუფლოს მუშაკები შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მითითებული ნორმის თანახმად, ორგანიზაციას თუ არა აქვს კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული, მაშინ უწყება უნდა ჩაჰბარდეს იმ პირს, ვინც კანცელარიის ფუნქციებს ასრულებს, ხოლო ასეთი პირის არყოფნის შემთხვევაში კი შესაბამის უფლებამოსილ პირს. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების მიხედვით, სანოტარო ბიუროს როგორც ბუღალტერმა, ისე თანამშრომელმა უარი განაცხადეს გზავნილის მიღებაზე, რის გამოც, სსსკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეებსაც არ ჩაჰბარებიათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხს არ ხდიან სადავოდ თავად მოწინააღმდეგე მხარეები, კერძო საჩივრის ავტორი კი არ არის უფლებამოსილი, მათთვის უწყების ჩაბარების საკითხზე იდავოს (სსსკ-ის მე-3 მუხლი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დედოფლისწყაროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის _ მ. ა-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.