Facebook Twitter

¹ას-548-931-06 22 იანვარი 2007 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს-ე, გრ. ბრ-ე, ლ. ა-ე-ბ-ე და გ. ბ-ე (მოპასუხეები)

დავის საგანი – დაყადაღებული ქონების ამორიცხვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ფ-მ 2006 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ. ს-ის, გრ. ბრ-ის, გუ. ბ-ის და გ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა დაყადაღებული ქონების სიიდან მისი კუთვნილი ქონების ამორიცხვა და მოპასუხის ქონების ჩარიცხვა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ 2005 წლის 16 აგვისტოს იმერეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 23 ივნისს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე არასწორად დააყადაღა თერჯოლის რაიონი, სოფელი …... მდებარე საცხოვრებელ ბინაში მისი კუთვნილი ქონება.

თერჯოლის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეების – გრ. ბრ-ის, გუ. ბ-ის უფლებამონაცვლის – ლ. ა-ე- ბ-ე და გ. ბ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ვინაიდან თ. ფ-ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე; სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. ფ-ის სარჩელი თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე დაყადაღებული ქონების ყადაღიდან ამორიცხვის შესახებ.

პირველი ინსტანსიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელე – თ. ფ-მ. მისი საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 9 ივნისს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე თ. ფ-ე, მაგრამ იმის გამო, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, მან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და დატოვა სხდომათა დარბაზი.

თერჯოლის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეების გრ. ბრ-ის, გუ. ბ-ის უფლებამონაცვლის – ლ. ა-ე-ბ-ის და გ. ბ-ის შუამდგომლობა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; არ დაკმაყოფილდა თ. ფ-ის საჩივარი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე; ასევე, უარი ეთქვა თ. ფ-ის სარჩელს თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 26 სექტემბრის ¹... განკარგულებაში ჩამოთვლილი ქონების ყადაღისაგან ამორიცხვის შესახებ, მისი გამოუცხადებლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე თ. ფ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი თერჯოლის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 9 ივნისს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი თ. ფ-ს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2006 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 68); სააპელაციო საჩივარი თერჯოლის რაიონულ სასამართლოში ნაცვლად 4 ივლისისა შეტანილია 2006 წლის 11 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე; ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე თ. ფ-მ.

კერძო საჩივრის ავტორმა თავისი კერძო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ მისი მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე და არა 14 დღე; ამასთან თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე ნაწილში მითითებულია, რომ აპელანტს შეეძლო აღნიშნული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვეში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, თ. ფ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თერჯოლის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 9 ივნისს გამოცხადდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების ასლი თ. ფ-ს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2006 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 68); საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი თერჯოლის რაიონულ სასამართლოში ნაცვლად 4 ივლისისა შეტანილია 2006 წლის 11 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით; საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე ნაწილში მითითებულია სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შესახებ, ამიტომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა მხოლოდ კანონით დადგენილ 14 დღის ვადაში, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონით არ შეიძლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.