ას-552-935-06 19 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებლი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. კ-ე
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ს-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მან მიუთითა, რომ 1992 წლის 2 აპრილს მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ... ქ. ¹45-ში მდებარე სახლის ნახევრის 1/3 იდეალური წილი თანასაკუთრების უფლებით მიეკუთვნათ გ. ხ-ს, ა. გ-სა და ი. ხ-ს. გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად. მას შემდეგ, როგორც რაიონის, ასევე საქალაქო სასამართლოს განჩინება არა ერთხელ გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციებში. 1998 წლის 20 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ წერილობით მიუთითა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაპროტესტების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც 1992 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2000 წელს. ო. ს-მა 2000 წლის 20 აპრილს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განცხადება შეიტანა უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 ნოემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. აღნიშნული განცხადება კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებაზე ო. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2001 წლის 23 აპრილს ო.ს-მა შეიტანა განცხადება გენერალურ პროკურატურაში საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის თაობაზე, რაზედაც პასუხი არ მიუღია, არც დადგენილების (აღძვრაზე ან აღძვრაზე უარის თქმის შესახებ) და არც რაიმე სხვა სახით. ო. ს-მა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ო. ს-ის განცხადება დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ს-მა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ო. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ო. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაშვებული და დარჩა განუხილველად. განჩინება გაასაჩივრა ო. ს-მა კერძო საჩივრით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით ო. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ ო. ს-ი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. საქმის წარმოების განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებთა გამო გადაწყვეტილების გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, აგრეთვე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განჩინების გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული პროცესუალური საკითხის გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 13 აპრილის განჩინება ვერ გაუქმდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მიზნით, რადგან ამ განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა. საქმის წარმოება დამთავრდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინებით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.